"თუ ბანკის დამფუძნებლებს აქვთ რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც შეიძლება ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ - ამისთვის მზად ვარ, რომ მე, როგორც ბიზნესომბუდსმენს მქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - „ანალიტიკა“ - განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბანკის დამფუძნებლების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც მომავალშიც შეიძლება გავრცელდეს, გავლენა არ იქონიოს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე.
ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 2 თვის ვადაში დატოვონ და ამასთან, მათ ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ვარდნა მოჰყვა. შედეგად, 24 საათში ბანკმა 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
კითხვაზე: რამდენად რეალისტურია, რომ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული თემები თიბისი ბანკის ფუნქციონირებაზე არ აისახება - საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა „ანალიტიკა“-ს ასე უპასუხა: „თუ ჩვენ შევხედავთ საერთაშორისო პრაქტიკასაც, როდესაც მსგავსი ტიპის ქეისები ხდება - ზუსტად იმის გამო, რომ დამფუძნებლის მიმართ გაჩენილმა კითხვებმა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს საფინანსო ინსტიტუტზე, პროცესების გარკვეულწილად გამიჯვნა ხდება. ამიტომ პირველ რიგში ალბათ ყველას ინტერესში, კიდევ ერთხელ, უნდა იყოს ის, რომ თუ არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს არგუმენტირებული პასუხები -ამ ყველაფერს გავლენა არ უნდა ჰქონდეს საფინანსო ინსტიტუტზე“.
ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ თიბისი ბანკი სისტემური ბანკია და „შედეგები რომ არ იყოს უფრო დრამატული, პროცესი უნდა იყოს გამიჯნული, ინფორმატიული, არგუმენტირებული და დროის მოკლე პერიოდში გარკვეულწილად დასრულებული“.

























