ბიზნესომბუდსმენის აპარატი ელექტრონულ პორტალს ქმნის, რომელიც ბიზნესებს ინვესტიციების დაზოგვაში დაეხმარება, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.
"ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი ამ პორტალის არსებობა. პირველი ის, რომ მისი საშუალებით ბიზნესს შესაძლებლობა ექნება ელეტრონულ სისტემაში საკუთარი კაბინეტი ჰქონდეს და თვალყური ადევნოს მის მიერ შემოსული ყველა განაცხადის მიმდინარეობას, თუ რა სტატუსი აქვს და რა ეტაპზეა საკითხის განხილვა და მეორე, ანალიტიკური ნიშნით იქნება შესაძლებელი შეფასდეს ჩვენი საქმიანობა. კერძოდ, ჩვენს მიერ გაწეული რეაგირების შედეგად, თუ რა მოცულობის ინვესტიციების დაზოგვა შეძლო ბიზნესმა.
პირობითად, თუ ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაც საკითხი პოზიტიურად, რა მოცულობის ინვესტიცია მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას და რა მოცულობის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ასევე დარიცხული ჯარიმების შემთხვევაში, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას შესაბამის უწყებებთან, რომ მოხდეს აღნიშნული ჯარიმების ჩამოწერა, ან შემცირება, ესაც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც კომპანიის შიდა დანაზოგი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, პორტალზე წვდომა ყველა ბიზნესს შეეძლება, რომელსაც აღნიშნულ პორტალში ელექტრონული კაბინეტი ექნება. გარდა ამისა, ანალიტიკური მასალა პერიოდულად შეჯამდება და გამოქვეყნდება.
,,ბიზნეს პორტალი 1 ივლისიდან იქნება აქტიური, მაგრამ 2018 წლის ბოლოს, ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის მთელი წლის შედეგეს გამოვაქვეყნებთ. დღეს ბიზნესპორტალი ბიზნესასოციაციებისა და საკონსულტაცო კომპანიების წინაშე წარვადგინეთ და გვინდა, რომ მათი ქსელის საშუალებით, ეტაპობრივად გადავიდეთ განაცხადების ელექტრონულ მიღებაზე. 6 თვის ანგარიში გავაკეთე დღეს, დაახლოებით 600 ზე მეტი შეხვედრა გვქონდა ბიზნესტან ამ პერიოდის განმავლობაში და 80 რეკომენდაცია გვაქვს გაგზავნილი, რომელთა დაკმაყოფილების მაჩვენებელიც არის 70%“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
როგორც ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ყველაზე მეტი განაცხადი შესულია კომპანიების მხრიდან, რომელთა მოპასუხეც არის ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. მეორე პოზიციაზე მოპასუხე მხარეებს შორის არის ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. აქ ძირითადად ქონებების და აქტივების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან და საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების საკითხებთან დაკავშირებით არის განაცხადები შესული. მესამე პოზიციას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იკავებს, სადაც ძირითადად სამშენებლო ნებართვების გაცემა ხდება და ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარიცხულ ჯარიმებზეა განაცხადები წარდგენილი.
სექტორს რაც შეეხება, მისივე თქმით, ყველაზე მეტად ვაჭრობისა და სერვისების სფეროში მოქმედი და სამშენებლო კომპანიები არიან აქტიური.

























