სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინტერესდება. როგორც ცნობილია, სადისტრიბუციო კომპანიებს ქსელური მარკეტებიდან თანხების ამოღების პრობლემა ექმნებათ. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ,ზურაბ ძნელაშვილმა აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე აპარატი მუშაობს და უახლოეს მომავალში წარმოადგენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მდგომარეობიდან ბიზნესის გამოსვლა.
ძნელაშვილი არ გამორიცხავს, რომ კერძო სუბიექტების ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერიოს და ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს.
"ყველაზე უფრო მწვავედ დგას ქსელურ მარკეტებში გამოვლენილი შემთხვევები. მარკეტები საქონელს იღებენ კონსიგნაციით, შემდეგ სხვადასხვა მიზეზებით ვერ ახერხებენ ვალდებულების გასტუმრებას და მიმწოდებლები აღმოჩნდებიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობა , მასში არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტების პრევენციისთვის, მიმწოდებლების უფლებების დაცვისთვის გარკვეული მექანიზმია მოსაფიქრებელი, რათა დავიცვათ მათი ინტერესები. ამჟამად ომბუდსმენის აპარატი მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება რეკომენდაციები როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან ეს არ არის ერთი ან ორი შემთხვევა და ეს არ არის 1-2 წლის პრაქტიკა.
ეს ფეხმოკიდებული პრაქტიკაა და მომწოდებლები სერიოზულად ზარალდებიან ასეთი გადახდისუუნარობის შემთხვევაში. რაღაც რეგულაციებზე უნდა ვიფიქროთ ალბათ, რომ სუსტი მხარე არ აღმოჩნდეს ძლიერი მხარის პირისპირ მარტო", - განაცხადა "ბიზნესკონტრაქტთან" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.

























