ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ზურაბ ძნელაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მიმართ, რომელიც 2017 წლის 1 აგვისტოდან 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს, ბიზნესს პრეტენზია აქვს.
როგორც ძნელაშვილმა BM.ge-ის უთხრა, ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიმართა რამდენიმე ბიზნეს-სუბიექტმა, რომლებიც აცხადებენ, რომ კომერციულ პალატაში საქმეების განხილვაზე უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანი 500 000 ლარს აღემატებოდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი აპირებს, აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკონტაქტოს და საკითხი გაარკვიოს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რიგი კატეგორიის დავებზე, რომელთა დავის საგნის ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია არ იხილავს; მიზეზი ჩვენთვის გაურკვეველია. მაგალითად, როდესაც შეგებებულ სარჩელში აღემატება დავის საგნის ღირებულება 500 ათას ლარს, ეს არის ჩვეულებრივი დავა, რადგან სარჩელი შეგებებული სარჩელისგან არაფრით განსხვავდება და ეს არის ჩვეულებრივ ამ შემადგენლობის ქვემდებარე საკითხები, მაგრამ ისინი არ იხილავენ ამ კატეგროიის დავებს. ასევე, როგორც ვიცი, დავის საგნის ღირებულებაში არ თვლიან პირგასამტეხლოს ანუ შეიძლება, პირგასამტეხლოს ჩათვლით დავის ღირებულება 500 000 ლარს აცდეს, მაგრამ არ თვლიან ამას ოდენობაში და ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - აცხადებს ძნელაშვილი.
მისივე შეფასებით, „როგორი ბუნდოვანიც იყო სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის დანიშნულება, ასევე ბუნდოვანია საქმეების განაწილების წესიც”.
“ეჭვი მაქვს, რომ სერიოზული დისპროპორციაა ამ შემადგენლობის მოსამართლეებსა და საქალაქო სასამართლოს დანარჩენი მოსამართლეების დატვირთულობას შორის, იმიტომ რომ ისინი იხილავენ ბევრად ნაკლებ დავას, ვიდრე - სხვა მოსამართლეები. ათჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერ აღემატება სხვა მოსამართლეების დატვირთულობა ანუ მე თუ მსხვილი დავა მაქვს, ჩემი დავა მალე სრულდება, მაგრამ მე თუ 500 000 ლარზე ნაკლები ოდენობის დავა მაქვს, წლები ველოდები სასამართლოს. არაა სწორი დავების ამგვარი გადანაწილება - თავიდანვე ვამბობდი ამას და დატვირთულობის დისპროპორციულობამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ საქმეების ამგვარი გადანაწილება სამართლიანი არაა“, - აღნიშნა ძნელაშვილმა.

























