ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ლევან კალანდაძის ინფორმაციით, საბანკო რეგულციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი და ე.წ. "რითეილია" შეწუხებული.
"ბუნებრივია, ბიზნესი, განსაკუთრებით სამშენებლო და "რითეილი", ამ რეგულაციების შედეგით, რომელიც დღეს არის უკვე წარმოდგენილი, შეწუხებულია და სავსებით ლოგიკურია თბილისის მერის, ფინანსთა მინისტრის განცხადებები, რომ საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი უნდა გადაიხედოს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ამ საკითხის გადახედვას ემხრობა, რადგან არის ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი, რომელიც ბრუნვების შემცირებას და ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება", - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ეს რეგულაციები საბანკო სექტორმა მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გადაიტანა.
მისივე ინფორმაციით, ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია ექნება.
"ჩვენ გვექნება სახელმწიფოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებასთან მივალთ.
მე მგონია, რომ ეს ზაფხული იქნება ის ეტაპი, როცა რეგულაციების სხვადასხვა სფეროზე გავლენის პირველადი შედეგების განხილვა მოხდება და ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, პრემიერის აპარატს აქვს მზაობა ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ ერთობლივად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც საბანკო რეგულაციების გავლენებს უკავშირდება", - აღნიშნა მან.

























