ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის კარგად იცნობს რესტორატორთა პრობლემებს. საუბარია სარესტორნო ბიზნესზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის გავლენაზე. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესის პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნეს პარლამენტს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი მათ რეაგირებას არ მოჰყოლია.
მას შემდეგ, რაც 1-ლი მაისიდან დახურულ შენობებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, ბიზნესის თქმით, რიგ სარესტორნო დაწესებულებას მომხარებელი 20-25 %-ით, ზოგს კი 50%-ით შეუმცირდა.
„რესტორატორთა ასოციაციასთან ჩვენ გვაქვს კარგი კომუნიკაცია, ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იყო რამდენიმე თემა, რომელიც ეხებოდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელებას. მათ შორის იყო საუბარი სათამაშო ბიზნესის გარკველი ტიპის ობიექტების გაფართოვებაზე ამ კუთხით. ჩვენ მხარდაჭერის წერილები შემოსულ წუხილებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთან იყო, გაგზავნილია პარლამენტში, თუმცა რაიმე შედეგი ამ კუთხით ჯერჯერობით ნაკლებად გვაქვს. მე მესმის აბსოლუტურად, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის რეგულაციებმა გავლენა მოახდინა იმ ტიპის ბიზნესზე, სადაც მსგავსს პროცესებს ჰქონდა ადგილი, ამიტომ თუ ჩვენ მათგან გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია მათ ბიზნესზე ამ კანონის გავლენაზე, ბუნებრივია, ჩვენ შევისწავლით და შესაბამის უწყებას, ვინც შეიძლება გარკველი გადაწყვეტილებები მიიღოს, გარკვეულ მოქმედებას ვთხოვთ “-განმარტავს BM.GE-თან ბიზნესომბუდსმენი.