საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციირებულია ახალი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გაძლიერებას და ბიზნესსექტორისთვის (მწარმოებლებისთვის) ახალი საჯარიმო სანქციების დაწესებას, რაც ნარჩენების მართვას და ამ თვალსაზრისით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება.
ახალი საჯარიმო სანქციები ბიზნესისთვის
კანონპროექტი მნიშვნელოვნად აზუსტებს და ამკაცრებს სანქციებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფარგლებში. ძირითადი ცვლილებები მოიცავს:
- რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა: 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის განთავსება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. მგვ-ის რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის კი ჯარიმა 5 000 ლარით განისაზღვრა.
- ანგარიშგების დარღვევა: ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა 2 000 ლარით დაჯარიმდება.
- სამოქმედო გეგმის უქონლობა: მგვ-ის ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის არქონა 10 000-ლარიან სანქციას ითვალისწინებს.
- დისტრიბუტორების პასუხისმგებლობა: ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა დისტრიბუტორებისთვის 2 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ცვლილებების მიზეზები და მოლოდინები
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად რომელიც სამინისტროს მიერ არის მომზადებული, ცვლილებები აუცილებელია მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მხრიდან ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ვადების გადახედვას გარკვეული კატეგორიის ნარჩენებისთვის, როგორიცაა კატალიზატორები, აზბესტი, ნაცარი და წიდა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღებისა და ექსპორტის პრევენციას. კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2026 წლის 1 მაისამდეა ძალაში, თუმცა არსებული კოდექსი ზღუდავდა მათი დროებითი შენახვის ვადებს, რაც ახალი ცვლილებით უნდა დარეგულირდეს.
საშეღავათო პირობები
კანონპროექტი დამრღვევებს გარკვეულ შეღავათსაც სთავაზობს: თუ პირი ჯარიმას საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ეს დათქმა შესაბამისობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ანალოგიურ წესთან.
ახალი რეგულაციების ადმინისტრირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.




























