ნავთობიმპორტიორი კომპანიები მთავრობას საწვავის გაიაფების გზას სთავაზობდნენ. მათ ერთ-ერთ ინიციატივას აქციზის განაკვეთის ლარის გაცვლით კურსზე მიბმა წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ავტომატურად გამოიწვევდა აქციზის კორექტირებას. ამ მიზნით ბიზნესი პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენამ და წინასაარჩევნო პერიოდმა ეს პროცესები შეაჩერა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობას ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი აქვს, შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა მათი ინიციატივის გაჟღერების შემდეგ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დააკორექტიროს.
„ამ ეტაპზე ამ ინიციატივის დაყენებას აღარ ვაპირებთ და ამაზე საუბარი სავარაუდოდ აღარ გაგრძელდება“-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. ნავთობიმპორტიორების თქმით, 2017 წლის იანვრიდან, როცა მთავრობამ საწვავზე აქციზის განაკვეთი გაზარდა, საცალო ქსელში ნავთობპროდუქტები 20-25 თეთრით გაძვირდა.

























