ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, საპენსიო ფონდში 2%-იანი შენატანი მათთვის ფინანსური წნეხია, ნაწილი კი ამბობს, რომ 2% არ არის ის თანხა, რომ ბიზნესს ეს ხარჯად დააწვეს.
მთავარი წუხილი კი, რომელიც ბიზნესის ორივე ნაწილს აქვს, დაკავშირებულია იმასთან, დაკორექტირდება თუ არა 2%-იანი საპენსიო შენატანი სამომავლოდ ზრდის მიმართულებით.
ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე BM.GE-თან საუბარში აცხადებს, რომ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია და ამას აცნობიერებს ბიზნესიც, თუმცა, არსებობს რიგი საკითხები, რაზეც ბიზნესს კითხვები აქვს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის გარკვეული ტვირთის მატარებელი ბიზნესისთვის და დამატებითი ხარჯი. ბიზნესის უმრავლესობა იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი თანამშრომელბისთვის ანაზღაურების შემცირება, ბუნებრივია, თავის თავზე იღებს ამ ტვირთს. ეს გასაგებია, მაგრამ ბიზნესის მთავარი წუხილი მაინც გრძელ ვადაში არის შემდეგი, რომ იყოს გარკვეული მექანიზმი იმისათვის, რომ ის 2%, რაც დღეს მათ ეკუთვნით საპენსიო ფონდში გადარიცხვის მიმართულებით, იყოს გარკვეულწილად ჩაკეტილი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ დადგეს ამ 2%-ის კორექტირების საკითხი, რაც იქნება ასევე დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის. ამ საკითხზე არის სამუშაო, რომ ბიზნესს ჰქონდეს გარანტირებულად იმის განცდა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი არ მოექცეს კორექტირების ქვეშ“-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

























