„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევა მოუწევთ. გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ყველა სხვა კომპანიაზეც გავრცელებას, რომელიც არ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს.
დამსაქმებლები სამუშაო ჯგუფის ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მიხეილ კორძახია bm.ge-თან ამბობს, რომ არსებობს რისკი კერძო სექტორმა გაზრდილი ხარჯები დასაქმებულთა რაოდენობის ან მათი სახელფასო სარგოს შემცირების ხარჯზე დააკომპენსიროს.
„1-ლი იანვრიდან არ ვიცი რამდენად მომზადებული იქნება სადაზღვევო ბაზარი, რამდენად იქნებიან მომზადებული თავად დამსაქმებლები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები და რამდენად ლოგიკურია ყველა დასაქმებულის დაზღვევა. დასაქმებული მუშაობს მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებზე თუ არამომეტებულ საფრთხის შემცველ სამუშაოზე, ერთ ქვაბში მოხარშვა რამდენად ლოგიკური არ ვიცი, ვინაიდან კანონმა ასე არ გამიჯნა. კანონმა განსაზღვრა, რომ ყველა დასაქმებული, თუკი კომპანია არის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ყველა დასაქმებული უნდა იყოს ამ დაზღვევის ქვეშ. პრობლემები ამ კუთხით შეიძლება რამდენიმე იყოს, საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ ერთი, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტვირთი იქნება ფინანსური, მეორე რომ ბაზარი სავარაუდოდ ვერ იქნება მზად, მათ შორის სადაზღვევო პაკეტების მრავალფეროვნების ნაწილში.
საბოლოო ჯამში რამდენად იქნება ლოგიკური პრაქტიკაში ყველა დასაქმებულის დაზღვევის ვალდებულება, მაშინ როდესაც კანონის მთავარი მიზანი იყო რომ ფოკუსირება ყოფილიყო იმ სამუშაოებზე, რომლებიც მომეტებული საფრთხის არის.
უკიდეგანო მაგალითები შეიძლება მივიღოთ, მათ შორის ხელფასების შემცირება, მათ შორის სამუშაო ადგილების შემცირება. ერთ კუთხეში მიმწყვდეული მხარე ყველაფერს გააკეთებს. რიგ შემთხვევაში კანონიერს, რიგ შემთხვევაში უკანონოს“-განმარტავს მიხეილ კორძახია.