მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს სიჩუმე ბუმერანგივით დაუბრუნდება" - გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი

კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ასევე, კომპანია DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესის ხმა უნდა გაიგონოს.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა, ე.წ. ცეხავიკური მენტალიტეტიდან, როდესაც ბიზნესი ვასალის პოზიციაში იყო. ბიზნესში უნდა შეიქმნას თავდაჯერება, რომ საქართველო ჩვენია და რომ ჩვენს ხელშია ეს ქვეყანა. ჩვენ ვქმნით აქ ეკონომიკურ დოვლათს და სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენი შვილების ცემა, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და ეს ბრაზი არსად წავა. ახლა ბიზნესიღა დარჩა, ვინც უნდა სცადოს, თავისი ხმა გააგონოს მთავრობას, რომელსაც ქუჩაში მდგომი ათიათასობით მოქალაქის ხმა არ ესმის. შესაბამისად, ბიზნესმა დეესკალაციისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია“, - თქვა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და გამოსავლის გზებზე საუბრისას.

გიორგი აბრამიშვილის თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სამართლიანობა და ამისთვის კერძო სექტორმა ხმაც უნდა აიმაღლოს და ეფექტიანი ნაბიჯებიც უნდა გადადგას.

„გასაგებია, რატომ უნდა ავიმაღლოთ ხმა - როცა ჩვენს შვილებს ქუჩაში სცემენ, შემდეგ იჭერენ და ასამართლებენ, ჩვენი, როგორც პირველ რიგში, მოქალაქეების ვალდებულება, ეს არ განმეორდეს. მეორე მხრივ, ბიზნესს ბუმერანგივით დაუბრუნდება სიჩუმე და მდუმარება. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც მდიდარია წიაღისეულით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით; სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი რაც გაგვაჩნია, არის განახლებადი ენერგია. ამ სექტორში ძირითადი ინვესტიციები დასავლეთიდან არის - ჩეხეთი, გერმანია, ნიდერლანდები... მათთვის წარმოუდგენელია ინვესტიციების განხორციელება ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც ახლა საქართველოა, სადაც მართლმსაჯულებამ შინაარსი დაკარგა.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველაფერს აზრი ეკარგება, როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ღირსება და თავისუფლება შელახულია. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და ჩვენს შვილებთან ვიყოთ მართლები; შეუძლებელია რაღაც დოვლათის შექმნაზე ვფიქრობდეთ, როცა ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში უკვე მე-14 დღეა. მოკლედ, სამართალი უნდა აღდგეს“, - განაცხადა კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა.

გიორგი აბრამიშვილი BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ 8 დეკემბრის სპეციალური ეთერის მონაწილეც იყო, სადაც 50-მდე ბიზნესმენმა ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„იმ გადაცემაში ჩვენ დავინახეთ, რომ მარტო არ ვართ და სხვა ბიზნესებმაც დაიწყეს საუბარი... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესმენები ვქმნით ეკონომიკურ დოვლათს - 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის ზომა 30 მილიარდ ლარამდეა, სწორედ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები