მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესში პოზიტიური მოლოდინები რადიკალურად გაზრდილია - ნინა კობახიძე

ნინა კობახიძე

ბიზნესში პოზიტიური მოლოდინები რადიკალურად გაზრდილია - ამის შესახებ BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძემ ბიზნესისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესის განწყობებს შეეხებოდა.

"ჯეო ჰოსპიტალსის" და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსით ბიზნესის განწყობების გამოკითხვას ჩაუყარა საფუძველი.

„რადიკალურად გაზრდილია [ბიზნესის] პოზიტიური მოლოდინები... იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაჟღერებული, რომ შენარჩუნებულია კურსი და ბიზნესი კურსის ცვლილებას არ ელოდება, რაც ეკონომიკური პარამეტრების შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. BAG ინდექსი ზუსტად გამოხატავს ხოლმე ბიზნესის მოლოდინებს“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

რა აწუხებს ბიზნესს და რა გამოწვევები აქვს - ამ კითხვის საპასუხოდ კი რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ამ კუთხით საკითხი პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით დაისვა, - "ასევე რამდენად მზად არის სახელმწიფო ამ პროცესებისთვის... საერთაშორისო დამოკიდებულებაზე იყო კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების განხორციელებაში რომ იყოს ხელშეწყობა, არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვის და ეს ინიციატივები ჟღერდება. ძირითადად დღეს საქართველოში ყველაზე აქტიური საინვესტიციო გარემო სადაც არის, ეს არის სამშენებლო სექტორი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ფინანსური სექტორი - ბევრი ვისაუბრეთ ამ მიმართულებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები