მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესში სულიერი „სიშიშვლე“ დანაშაულია ისევე, როგორც საზოგადოებაში სხეულის გაშიშვლება (R)

61a6331f716f8
BM.GE
30.11.21 15:00
502
ჩვენ ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ საზოგადოებაში, რომელიც ბევრი განსხვავებული ადამიანის, მსოფლმხედველობის და სუბკულტურის წარმომადგენლისგან შედგება. ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი თავის წარდგენას და გამოხატვას ესა თუ ის ადამიანი თუ ბიზნესი გარკვეულ ეთიკურ, მორალურ და ემოციურ ჩარჩოებში ახდენს.

როგორც ადამიანურ ასევე ბიზნესურთიერთობებისას მნიშვნელოვანია, გულწრფელობა - გულწრფელობა, როგორც ქმედება, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისა და ბიზნესის თვითგამოხატვას უბრალოებით და გულახდილად ახდენს. თანამედროვე მარკეტინგის ამოსავალი წერტილიც ხომ გულწრფელობაა. თუმცა ამ სამყაროში აბსოლუტური არაფერია. ამიტომ, აუცილებელია, გულწრფელობის სწორად გაგება, რათა საბოლოო ჯამში, ჩვენივე გულწრფელობა ჩვენსავე საწინააღმდეგოდ არ შემოგვიტრიალდეს. ხშირად, სტარტაპბიზნესები ან მცირე გამოცდილების მქონე ბიზნესები გულწრფელობას მიმართავენ სიშიშვლის დონეზე და ავიწყდებათ ბიზნესეთიკა და დიპლომატია. გაშიშვლებული ემოციები და გულწრფელობა კი დამკვეთის, პარტნიორისა თუ მომხმარებლისთვის არცთუ იშვიათად გაუგებარი და მიუღებელიც კია.

როგორც „ლემონს ჯგუფის” დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე ამბობს, ნატურალური ემოციებისა და ისტორიების გაზიარება მნიშვნელოვანია, თუმცა გულწრფელობა აუცილებლად უნდა იყოს შეზავებული დიპლომატიაში, რათა ის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პოზიტიურ ნაბიჯად იქცეს.

„დღეს გულწრფელობა ტრენდულია, თუმცა ისევე, როგორც თავისუფლების აღქმა მოხდა არასწორად, გულწრფელობაც უმართებულოდ გავიგეთ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარის ღირებულებები და გავთვალოთ, ჩვენი გულწრფელობა ხომ არ იქნება აღქმული დიდ ტყუილად, ან ხომ არ ვაყენებთ სხვას შეურაცხყოფას.

მე პირადად, ბევრჯერ მომიგია ჩემი გულწრფელობით, თუმცა ამავე გულწრფელობას ხშირად მივუყვანივარ არასასურველ შედეგამდეც. ადამიანი როდესაც კარიერულ ნაბიჯებს დგამს, მას პროფესიული უნარების ათვისებასთან ერთად, აუცილებლად დასჭირდება დიპლომატიის ცოდნა და ემოციების კონტროლიც“.

ბიზნესსაქმიანობაშიც ემოციები, შეიძლება ვთქვათ, ერთგვარი გამოწვევაა. ჭარბი ემოციების დროს, ხომ უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ, ვიდრე მაშინ, როდესაც ემოციებს ვაკონტროლებთ.

კომპანია “ლემონსმა“,  რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში 10 წელი უსრულდება, როგორც ირა მელიმონაძე განმარტავს, მას დიდი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვა. უპირველეს ყოვლისა, ცოდნა იმისა, რომ ადამიანმა საკუთარ ემოციებზე უნდა იმიშაოს, იზრუნოს თვითგანვითარებაზე და გამოწვევებს არ შეუშინდეს, პირიქით, დაისახოს ახალი მიზნები და საკუთარ თავს შეეჯიბროს, რაც საბოლოო ჯამში, ბიზნესზეც დადებითად აისახება.

„ჩემს თავზე ვმუშაობ, რომ ადამიანებმა და მოვლენებმა ჩემს ემოციებზე გავლენა არ მოახდინონ, შედეგად კი, ეს არ აისახოს საქმეში. შესაბამისად, ვიწვევ ჩემს თავს მომდევნო 10-წლიან შეჯიბრში, რომ ერთი დეკადის შემდეგ ვთქვა, მე ვმართავ ჩემს ემოციებს, შემიძლია ვიყო ძალიან მაღალი ეთიკის მატარებელი ბიზნესში და იმდენად ვისწავლე დიპლომატია, რომ გავლენას ვერ ახდენს გარემო ფაქტორები ჩემს ნაბიჯებზე“, - ამბობს ირა მელიმონაძე.

მისივე თქმით, წარმატებისკენ სავალ გზაზე, ასევე მნიშვნელოვანია ეთიკური ნორმების დაცვა. თუნდაც მწვავე კონკურენციის ფონზე, ბიზნესკონკურენტის თუ თანამშრომლების დაკნინება მიუღებელია, პირიქით, კონკურენცია ჩვენივე გაძლიერებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ხოლო წარუმატებელი შემთხვევები კი, ჩვენსავე დადებით გამოცდილებად ვაქციოთ მომავალში.
„ვერასდროს ვიტყვი, რომ დავმარცხდი, მაშინაც კი, როდესაც ვერ მივაღწიე დასახულ მიზანს. ვამბობ, მე სადღაც შემეშალა, ეს უნდა ვისწავლო და გავაგრძელო გზა სასურველის მიღებამდე და ამაში მეხმარება ჩემი გულწრფელობა შეჯერებული დიპლომატიასთან და ეთიკასთან“.

ამასთან, „ლემონს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიმართავს და მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვისი გულწრფელობა არასწორად გაიგეს და უარყოფითი ფორმით დაუბრუნდათ, ხელი არ ჩაიქნიონ და ეძიონ საკუთარ თავში მიზეზი, თუ სად გააშიშვლეს გულწრფელობა იმ დონეზე, რომ მასში ესთეტიკური და ეთიკური ნაწილი აღარ დარჩა.

რომ შევაჯამოთ, ბიზნესში „სულიერი სიშიშვლე" ერთგვარ ეთიკურ და მორალურ დანაშაულად რომ არ იქნას აღქმული, ისევე, როგორც საზოგადოებაში სხეულის სიშიშვლე, ნებისმიერი საქმისწარმოებასას რეგულირებული ემოციებით, ეთიკური ნორმებითა და დიპლომატიით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები