პარლამენტში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე საკუთარი შენიშვნები აქვს ბიზნესს. კერძოდ, როგორც ბიზნეს ასოცაციაში განმარტავენ კანონპროექტი ბევრი კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, კანონპროექტის ამ ფორმით მიღება ბიზნესების ნაწილის დახურვას გამოიწვევს.
"კანონპროექტს მიუხედავად იმისა, რომ ჰქვია "მომხმარებელთა უფლებების დაცვის" შესახებ კანონი, არაფერი აქვს საერთო მომხმარებლების დაცვასთან.
აღნიშნული კანონპროექტი ვერ მოემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ის ამ ამოცანას ვერ შეასრულებს რადგან ის წინააღმდეგობაშია ევროკავშირის დირექტივებთან, ასევე არსებულ საკანონმდებლო ბაზასთან და ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი შექმნის მხოლოდ პრობლემებს. კანონპროექტი შექმნის დამატებით უწყებას, რომელიც დაკავებული იქნება მხოლოდ იმით, რომ მოიგონოს პრობლემები და შემდეგ გადაწყვიტოს ის. ამით მომხმარებელს შეღავათი ვერ ექნება", - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
კანონპროექტის არსებულ ვერსიაზე შენიშვნები აქვს მთავრობასაც. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, კანონპროექტზე შენიშვნები ეკონომიკის სამინისტროს აქვს.
"არა მხოლოდ ბიზნეს ასოციაცია, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც წინააღმდეგია. გვექნება განხილვა და მივიღებთ აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტყემალაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს 2 კვირის განმავლობაში, შესყიდული საქონელი ყოველგვარი საფუძველის გარეშე დააბრუნოს უკან, ხოლო მოვაჭრე კი ვალდებულია, რომ მას გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს. კანონპროექტი მომხმარებლის ომბუდსმენის შექმნასაც გულისხმობს.

























