შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქებას ეხმაურება, რაც რუსული ნედლი ნავთობისგან მიღებული საწვავის იმპორტს ეხება. პაპუაშვილის განცხადებით, ლონდონის ეს ნაბიჯი ფარისევლობაა, რადგან ბრიტანული მხარე მანამდე თბილისისგან რუსული ნავთობპროდუქტების მიღების შეწყვეტას კატეგორიულად მოითხოვდა.
პარლამენტის სპიკერმა განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ნავთობპროდუქტების იმპორტის გარშემო არსებულ ზეწოლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მოქმედი ელჩი პირადად ცდილობდა ქართულ ბიზნესზე გავლენის მოხდენას, რათა რუსული საწვავის შემოსვლა შეჩერებულიყო.
„ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ ქვეყანაში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები.
ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრას ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში და მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთსო, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლით ან სანქციების დაწესებით უნდა უზრუნველვეყო, რომ არ შემოტანა და არ ევაჭრა მას, როგორც სურდა. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ სხვა ბაზრების მოძიება გააძვირებდა ბენზინის ფასს და საბოლოო ჯამში, გაძვირდებოდა ცხოვრება, ამაზე მისი პასუხი იყო, რომ რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონო.
ეს არის ციტატა ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვებისა და დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა რუსეთის სანქციები და რასაც ამბობდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა მას აძლევს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოსო, ტანკებისთვის ფული უნდა მისცეს ახლა რუსეთს, მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ. ამ ისტორიის მორალი არის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს, კორექტულად რომ ვთქვათ, ნაკლებად აღელვებს ბრიტანეთის ელჩს.
მეორე მორალი, ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის ელჩისთვის, დღეს ესკალაციის შედეგად, ალბათ, გაწყდებოდა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩავცვივდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, ახლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს ამ ამბავს წავიკითხავდით ამ დანგრეული ეკონომიკის ხალხი, რომ ბრიტანეთი უცებ ადგა და მოუხსნა რუსეთს სანქციები. სამწუხაროდ, ასეთი ამორალურია საერთაშორისო პოლიტიკა და ეს უნდა გავაცნობიეროთ და გააცნობიერონ იმათ, ვინც პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშას აფრიალებენ. ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს.“
შალვა პაპუაშვილის კრიტიკული განცხადება მოჰყვა ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მედიასაშუალების ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი შეარბილა.
კერძოდ, ლონდონმა დაუშვა რუსული ნედლი ნავთობისგან მიღებული დიზელისა და თვითმფრინავის საწვავის გაერთიანებულ სამეფოში შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის გადამუშავება მესამე ქვეყნებში განხორციელდება.



























