მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Black Aea Arena-ს დირექტორს შენიშვნები აქვს - "ამ მასშტაბის კონცერტები დეკემბერში მაინც უნდა იყოს დაანონსებული"

5cf3b8f291a06
მარიამ ადამია
02.06.19 18:10
1466
„წელს, Black Aea Arena-ზე სეზონი დაგვიანებულად გაიხსნება, რადგან, როდესაც ამ მასშტაბის კონცერტები იგეგმება, მინიმუმ დეკემბერში მაინც უნდა იყოს დაანონსებული“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, “ბლექ სი არენას” დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ ისაუბრა. მისი თქმით, წელს სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და უკვე დაანონსებულ შემსრულებლებს კიდევ ორი დიდი არტისტი და 5 ქართული პროექტი დაემატება. ხოლო სეზონის დახურვის შემდეგ დაიწყება 2020 წლის პროგრამაზე მუშაობა.

„როგორც კი სეზონს დავხურავთ, ვაპირებთ, რომ უკვე ნოემბერ-დეკემბერში გამოვაცხადოთ 2020 წლის სეზონის პროგრამა იმისათვის, რომ ეს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ და გამოვიყენოთ. შესაბამისად, სეზონი გაიხსნება ადრე, დაახლოებით აპრილის ბოლოს და გაგრძელდება ოქტომბრამდე. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ მეზობელი ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებთან. კონკრეტულად კი, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. რადგან დაინტერესება ყველაზე დიდი სწორედ ამ ქვეყნებიდან იკვეთება. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება და პაკეტები გვაქვს ტურისტული სააგენტოებისთვის. ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და ფასეულია უცხოელების ჩამოსვლა და დასწრება კონცერტზე, რადგან მათთვის ხარჯი ქართველი მომხმარებლებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტია“ - აღნიშნა “ბლექ სი არენას” დირექტორმა.

რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხებს, ტატო ხარჩილავას თქმით, დაინიშნება ავტობუსები, რომლებიც Black Aea Arena-ის მიმართულებით იმოძრავებენ. გავლენ დილით და ადამიანები შეძლებენ კონცერტზე დასწრებასა და იმავე დღეს, საღამოს უკან დაბრუნებას, რაც კომფორტია, მათთვის, ვინც მეორე დღეს მუშაობს და ვერ რჩება შეკვეთილში.

„სამივე ღონისძიებაზე 50 პროცენტზე მეტი რაოდენობა ბილეთებისა უკვე გაყიდულია, რაც კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში მოვედი და ივნისში, დაგვიანებით იხსნება სეზონი. თუმცა მიუხედავად ამისა, სეზონი უნდა შედგეს წარმატებულად. ანუ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, ის თანხა რომელსაც ვიღებთ „ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში“, 6,5 მლნ ლარი, უკან ამოვიღოთ და გავიდეთ მოგებაზე“ - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები