მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte

black friday

Black Friday-სა და კიბერ ორშაბათის ფასდაკლებებით სარგებლობას ამერიკელი მომხმარებლების 87% გეგმავს. Deloitte-ის კვლევის თანახმად, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც სტატისტიკიდან ვიგებთ, მიუხედავად გაზრდილი ინტერესისა, მომხმარებელთა საშუალო მოსალოდნელი დანახარჯი გასული წლის დონეზე რჩება და 624 დოლარს შეადგენს.

კვლევის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 19-26 ოქტომბერს ჩატარდა და რომელშიც 1 200 ამერიკელი მომხმარებელი მონაწილეობდა, გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 72% გარკვეული პროდუქტების შეძენას ფასდაკლებების დაწყებამდე არ აპირებს და უფრო ხელსაყრელ შეთავაზებებს ელოდება. ამასთან, მომხმარებელთა 61% აქციების პერიოდში მაქსიმალურად ბევრი ფასდაკლებით სარგებლობას გეგმავს.

Deloitte-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა სამომხმარებლო გეგმებზე ცხოვრების გაძვირებაც აისახება. კერძოდ, წლიური შემოსავლის სახით 100 000-დან 199 000 დოლარამდე შემოსავლის მქონე ამერიკელები გასულ წელთან შედარებით 7%-ით ნაკლების დახარჯვას გეგმავენ. ამის საპირისპიროდ, 50 000 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებში მოსალოდნელი დანახარჯი 17%-ით იზრდება.

ყველაზე მაღალი სამომხმარებლო აქტივობა Z თაობაშია მოსალოდნელი. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა 94% ფასდაკლებებით სარგებლობას გეგმავს, საშუალო მოსალოდნელი დანახარჯი კი 752 დოლარია. ამასთან, Z თაობის მომხმარებელთა 40% შესყიდვების დასაფინანსებლად გადავადებული გადახდის სერვისის (Buy Now, Pay Later) გამოყენებას აპირებს.

შესყიდვების კატეგორიებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ტანსაცმელი და აქსესუარებია, რომელთა შეძენას მომხმარებელთა 76% გეგმავს. ელექტრონიკისა და აქსესუარების ყიდვას გამოკითხულთა 58%, სათამაშოებისა და ჰობის შესაბამისი ნივთების შეძენას კი 57% აპირებს. მომხმარებელთა დაგეგმილი ბიუჯეტის 61% ონლაინ შესყიდვებზე, 39% კი ფიზიკურ მაღაზიებში დაიხარჯება. ონლაინ ვაჭრობისთვის ყველაზე აქტიურ დღედ კიბერ ორშაბათი რჩება, როდესაც ინტერნეტით შოპინგს გამოკითხულთა 60% გეგმავს.

კვლევის თანახმად, მომხმარებელთა სავაჭრო გადაწყვეტილებებზე გავლენას სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტიც ახდენს. ორივე არხის მომხმარებლები Black Friday-სა და კიბერ ორშაბათის პერიოდში საშუალოდ 765 დოლარის დახარჯვას გეგმავენ, მაშინ როდესაც არც ერთი მათგანის მომხმარებელთა შემთხვევაში მოსალოდნელი დანახარჯი 476 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები