მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Market-მა თბილისში მაღაზია გახსნა

6370af2d1e131
მარიამ დემეტრაშვილი
14.11.22 00:00
1276
თბილისში, ბარნოვის #53ა-ში კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზია Black Market გაიხსნა. ეს Facebook-ის ამავე დასახელების ჯგუფის საქმიანობის გაგრძელებაა, სადაც უკვე წლებია საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია ონლაინსივრცეში იყიდება.

ჯგუფისა და ახლა უკვე მაღაზიის დამფუძნებელი ანუკი ბიწაძე ამბობს, რომ მაღაზიაში წარმოდგენილია დეკორატიული კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, პარფიუმერია, აქსესუარები და წვრილი ტექნიკა. მისივე თქმით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ისეთი „ლუქს“ ბრენდების პროდუქცია, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად არ არიან წარმოდგენილი.

გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ანუკი ბიწაძე ამბობს, რომ Facebook ჯგუფი Black Market უკვე სამი წელია არსებობს და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებით მომხმარებელში ნდობა მოიპოვა. მისი თქმით, 200-მდე ბრენდის პროდუქციის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეძენა მომხმარებლებს არა მარტო ონლაინ, არამედ ახლა უკვე რეალურ სივრცეშიც შეუძლიათ.

„მაღაზიის გახსნამდე ორჯერ მოვაწყვეთ ერთდღიანი ბაზრობა, სადაც რამდენიმე ათეულმა გამყიდველმა საკუთარი კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები წარმოადგინა გასაყიდად. ეს იყო საცდელი ეტაპი, რათა გვენახა, როგორ მუშაობს ზოგადად, ეს მიმართულება. პირველ ბაზრობაზე 8 საათში 10 000-მდე ადამიანი მოვიდა.

ამ გამოცდილებამ გაამყარა ჩემი იდეა, რომ მაღაზია უნდა არსებობდეს. მაღაზიაში პირველი ორი დღე იმდენი მომხმარებელი შემოდიოდა, რომ ვიფიქრე, ვერ გავუმკლავდებოდი.

Black Market დავარქვით ჯგუფსაც და მაღაზიასაც იმიტომ, რომ ორივე სივრცეში პროდუქცია წარმოდგენილია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ჩვენ პროდუქციას ვიღებთ ფიზიკური პირებისგან, დაახლოებით, 30 მომწოდებელი გვყავს. მათი ნაწილი ევროპასა და ამერიკაში იმყოფება და მათ უფრო მიუწვდებათ ხელი, რომ პროდუქცია „აუთლეტ“ მაღაზიებში იაფად შეიძინონ“, - ამბობს დამფუძნებელი.

ანუკი ბიწაძის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან მაღაზია Black Market-ის პროდუქცია განთავსდება საკურიერო პლატფორმებზეც და მომხმარებლებს მათი შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის ამბობს, რომ იგეგმება ფილიალის გახსნა სხვა ქალაქშიც.

„ასევე გვინდა, ოფიციალური წარმომადგენელი ვიყოთ რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ბრენდის, რომელიც ამიერკავკასიაში ჯერ საერთოდ არ შემოდის. მოლაპარაკებები უკვე 1 თვეა დაწყებულია“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები