5 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ჯგუფების კონცერტები გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას Black Sea Arena სოციალური არხებით ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებს.
დაგეგმილი ღონისძიებებიდან 5 შეკვეთილში Black Sea Arena-სა და მიმდებარედ არსებულ სცენებზე, ერთი კი თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
მათი ცნობით Black Sea Arena Front Stage-ზე 5 აგვისტო - ნაილ როჯერსი და შიკ, 6 აგვისტოს კი FKJ იმღერებენ; 10 აგვისტოს ასევე შეკვეთილში „სოციალურ სივრცეში“ მსმენელის წინაშე დამიან ლაზარუსი წარდგება; 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს დიდ სცენაზე Killers-ი გამოვა; 18 აგვისტოს „სოციალურ სივრცეში“ All Day I Dream იმღერებს, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე მაყურებლის წინაშე Imagine Dragons-ი წარდგება.
BM.GE-მ დაგეგმილი ღონისძიებების დეტალების შესახებ Black Sea Arena-ს ადმინისტრაციას მიმართა.
აღსანიშნია, რომ თავად მუსიკალური ჯგუფებისა და შემსრულებლების 2023 წლის მსოფლიო ტურნეებში საქართველოში წარმოდგენების გამართვა ჯერ არ არის გაწერილი.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას განიხილავდა. 28 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფს.

























