მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Sea Group-ი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო

Black Sea Group

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში კომპანია "ბლექ სი გრუპი" ჩაერთო. როგორც მერიის კონტრაქტორი კომპანიის, "სმარტ სოლუშენსის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკუამ BMG-ის განუცხადა, "ბლექ სი გრუპი" მათ ქვეკონტრაქტორის სახით დაიქირავეს.

ამჟამად "ბლექ სი გრუპის" თანამშრომლები და კომპანიის მძიმე ტექნიკა რუსთაველის გამზირის სამივე მონაკვეთზე მუშაობს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია კომპანია "სმარტ სოლუშენსმა" 2026 წლის 23 ივლისს დაიწყო და მას პროექტის დასასრულებლად 100-დღიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 2026 წლის 1 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა თბილისის მერიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 30 დღით გაახანგრძლივა. შესაბამისად, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ნოემბერში დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ გამზირის ცალკეულ მონაკვეთებზე საგზაო საფარის პირველადი ფენა უკვე დაეგო. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს მიწის ვაკისის, ცალკეული კომუნიკაციების, მიწისქვეშა გადასასვლელების და სანიაღვრე არხების და ჭების მოწყობის მიმართულებით.

არსებული მდგომარეობით, კომპანია "სმარტ სოლუშენთან" არსებული კონტრაქტის ღირებულება 21.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ხელშეკრულების მოცულობა მერიის მიერ რამდენჯერმე ზრდის მიმართულებით გადაიხედა, რაც ჯამურად 1.9 მილიონი ლარის ნაზრდს შეადგენს. ამასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "სმარტ სოლუშენსი" კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ამ დროისთვის უკვე 10-ზე მეტჯერ დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები