როგორც აქტივების მმართველ მსოფლიოს უდიდეს კომპანია BlackRock-ში ამბობენ, საერთაშორისო კლიენტების 20%, ანუ მეხუთედი, აქტივების დივერსიფიკაციაზე დაფიქრდა.
ამ შემთხვევაში, აქტივების ამერიკის შეერთებული შტატებიდან გატანა და სხვა ქვეყნებში გადატანა იგულისხმება, რასაც ისინი გეოგრაფიული დივერსიფიკაციის და ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურებულ დოლართან მიმართებით რისკის შემცირების აუცილებლობით ხსნიან. BlackRock-ის მენეჯერების თქმით, ბევრი ინვესტორი დამაიმედებლად აზიას უყურებს.
საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას BlackRock-ი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტარიფების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის დაწესებულ ბოლო ვადამდე ერთი კვირით ადრე ასაჯაროებს. ქვეყნები, რომელთაც ამერიკასთან თანამშრომლობა სურთ, როგორც ცბოილია, ტრამპის ადმინისტრაციას ახალ პირობებზე 9 ივლისამდე უნდა შეუთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ის ტარიფები იმოქმედებს, რაც პრეზიდენტმა “გათავისუფლების დღეს” გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ BlackRock-ი სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს და ბოლო ინფორმაციით, მისი პორტფელი $11.6 ტრილიონად იყო შეფასებული. წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.1 ტრილიონით, ანუ 11%-ით გაზარდა. შედარებისთვის, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.1 ტრილიონია, ბოლო თორმეტ თვეში BlackRock-მა სწორედ ერთი რუსეთი დაიმატა. BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ.
BlackRock-ის პორტფელში უდიდეს ნაწილს გლობალური, მაგრამ მაინც ამერიკული კომპანიების აქციები იკავებს. უახლესი მონაცემებით, ამერიკული კორპორაციის კლიენტები $6.2 ტრილიონის აქციებს ფლობენ, რაც BlackRock-ის აქტივების 53%-ია. ამ პორტფელში, უმეტესწილად, ზრდაზე ორიენტირებული დიდ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ვხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით BlackRock-ი Apple-ის, NVIDIA-ს, Microsoft-ის, Amazon-ის და META-ს აქციებს ფლობს. BlackRock-ის წილი ასევე დიდია აშშ-ში და მთელ მსოფლიოში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში.