"ბლაუენშტაინ საქართველო" მომავალ წელს მეღორეობის ბიზნესშიც შედის. კომპანია რაჭაში კიდევ ერთი, ამჯერად მეღორეობის ფერმის მოწყობას აპირებს.
როგორც კომპანიაში აღნიშანვენ, წარმოებაში ღორის ხორცს ამჟამადაც იყენებენ, რომელსაც კონტრაქტორი აწვდით, სამომავლოდ კი კომპანია თავად აწარმოებს საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ღორის ხორცს.
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საღორის პროექტი დამუშავების სტადიაზეა და მისი მოწყობა შოვში ან შარდომეთში იგეგმება.
მიმდინარე წელს კი კომპანია უკვე გაფართოვდა და დამატებით 4 ახალი ფერმა რაჭის 4 სოფელში მოაწყო. ფერმები მოეწყო გლოლაში, სევაში, თლუღსა და ხიმშში. თითოეულ ფერმაში ინვესტიციის სახით 95 ათასი ლარი ჩაიდო.
კომპანია რაჭაში 2008 წლიდან არსებობს. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს.

























