მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბლაუენშტაინ საქართველო" რაჭაში ახალ პროექტს იწყებს - "ფერმერებს პირდაპირ აღარ დავაფინანსებთ"

5c47267b3417d
მაია ბიწაძე
22.01.19 21:30
1742
კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ მიმდინარე წლის მარტიდან რაჭაში ახალ პროექტს იწყებს, რომელიც რეგიონში ხელოვნური შეჯვარების გზით საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა თათია არაბიძემ განუცხადა.

პროექტის ფარგლებში, კომპანია უახლოეს მომავალში ფერმერებთან შეხვედრებს და მათ ტრეინინგებს დაიწყებს, რათა მოხდეს მათი გაცნობიერება, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მესაქონლეობაში ამ მიმართულების განვითარებას.

„ჩვენი მიზანია, რეგიონში მაღალპროდუქტიული ჯიშიანი პირუტყვის რაოდენობა გავზარდოთ; ამისთვის მარტიდან რაჭაში მოკვლევას დავიწყებთ, შვეიცარიელ სპეციალისტთან ერთად შემოვივლით სოფლებს და ავახსნევინებთ ფერმერებისთვის, თუ რატომაა უკეთესი პირუტყვი იყოს ნაჯვარი და რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს ის ამით; შემდეგ დაველოდებით ფერმერებისგან გამოხმაურებას და ვინც დაინტერესდება, კონკრეტულად მასთან მივალთ, ვნახავთ, როგორი პირუტყვი ჰყავს, როგორია ძროხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რამე იქნება გამოსასწორებელი ჩვენი ვეტერინარები გაუწევენ რეკომენდაციას და შემდეგ გაანაყოფიერებენ ამ პირუტყვს. ისინი მთელი ცხრა თვის განმავლობაში გაუწევენ მონიტორინგს ამ საქონელს და თუ რამე გაუჭირდება ფერმერს, დაეხმარებიან მას“, - განაცხადა თათია არაბიძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი ფერმერების სრულ დაფინანსებას აღარ ითვალისწინებს და დაინტერესების შემთხვევაში, მათ გარკვეული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ.

„გავაკეთებთ ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების კალკულაციას, კერძოდ, დავითვლით სპეციალისტის მომსახურების, გასანაყოფიერებელი და სხვადასხვა მასალის საფასურს და შემდეგ მოხდება ამ თანხაში ფერმერის წილობრივი მონაწილეობა ანუ 50%-ს მაინც ის დაფარავს. ჩვენ ამით ვცდილობთ გავზარდოთ ფერმერების პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდონ ამ საქმეს.

თუმცა, პარალელურად ვმუშაობთ სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთანაც, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ამ პროექტის ხელშეწყობა, მაგრამ, ფერმერს ხარჯებს სრულად აღარ ავუნაზღაურებთ, რადგან ასეთმა პრაქტიკამ, ჩვენი წინა პროექტის განხორციელებისას არ გაამართლა“, - განაცხადა თათია არაბიძემ.

როგორც არაბიძე განმარტავს, თუ ფერმერი ხორცის რეალიზაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, კომპანია პირუტყვს შეისყიდის, თუმცა, ხარისხიანი ხორცი იმდენად დეფიციტურია, რომ ფერმერებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ.

ხელოვნური შეჯვარების გზით საქონლის ჯიშის გაუმჯობესების პროექტს ,,ბლაუენშტაინ საქართველო“, ჯერჯერობით რაჭაში განახორციელებს, თუმცა თუ პროექტი წარმატებული იქნება, მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გადაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ,,ბლაუენშტაინ საქართველომ“ რაჭაში ფერმერების დახმარების პროექტი, რომელსაც 7 წლის განმავლობაში ახორციელებდა, გასული წლის ბოლოს დახურა; ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ „პარტნიორ ფერმერთა პროექტი“ რაჭაში ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, თუმცა კომპანიამ აღნიშნული პროექტიდან 1,8 მილიონი ლარი იზარალა.
ეს იყო შვეიცარიული მოდელი, რომელიც 60-სულიანი საქონლის ფერმების შექმნას ითვალისწინებდა. ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ ფერმერებს მზა პროექტს აძლევდა, ბანკიდან შეღავათიანი აგროსესხის აღებაში ეხმარებოდა და თავდებში უდგებოდა. სესხის მოცულობა 95 ათას ლარს შეადგენდა.
პროექტის ფარგლებში 12 ფერმა აშენდა, თუმცა აქედან 9 არ ფუნქციონირებს. კომპანიის ცნობით, ,,ბლაუნშტაინ საქართველოს“ მოუწია ამ ფერმერების სესხების დაფარვა და იმ პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების გადახდა, რაც მათ ბანკმა დააკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები