მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ღორების ფერმას აფართოებს - ინვესტიცია ₾3 მლნ-ია

639c7cd52b800
თინათინ ნატმელაძე
16.12.22 18:36
3121
ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში, კერძოდ ონის რაიონის სოფელ სორში არსებულ ღორების ფერმას, რომელმაც ფუნქციონირება ერთი წლის წინ დაიწყო, აფართოებს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა თათია არაბიძემ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტისთვის საჭირო ინვესტიცია 3 მილიონი ლარია. მისივე ცნობით, ფერმის გაფართოება წარმადობას 100%-ით გაზრდის.

„ერთი წლის წინ რაჭაში, ონის რაიონის სოფელ სორში ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად 75 დედა ღორის წარმადობის ფერმა გავხსენით, რომელმაც ძალიან გაამართლა, ფერმის პროექტს საერთო ჯამში ოთხი ეტაპი აქვს და რადგან პირველი ეტაპი ფინანსურადაც მომგებიანი აღმოჩნდა, მომავალი წლიდან გაფართოებას, ანუ მეორე ეტაპის განხორციელებას ვგეგმავთ. გაფართოება კვლავ იგივე პარტნიორებთან ერთად იგეგმება და საჭირო ინვესტიცია 3 მილიონი ლარია, ამ ეტაპზე პროექტი უკვე დაგეგმილია და ფინანსების მოძიების პროცესში ვართ“, - განაცხადა თათია არაბიძემ.

რაც შეეხება ინვესტიციის საკითხს, ფერმის პირველი ეტაპის შესაქმნელად 4 მილიონი ლარის ინვესტიცია იყო საჭირო, რომლიდანაც 1.5 მილიონი შეღავათიანი აგრო კრედიტი იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების კერძო ინვესტიცია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი გვიყვება, რომ წარმატებული პროექტის შედეგად სესხი თითქმის დაფარეს და გაფართოებისთვისაც ამ სახელმწიფო შეღავათის გამოყენებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ „ბლაუენშტაინ საქართველო“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და რაჭაში არსებული ფერმის გარდა თბილისში, წერეთელსა და ფალიაშვილზე, ორ საფირმო მაღაზიას ფლობს და თათია არაბიძის ინფორმაციით, ამ წლების მანძილზე კომპანიის განვითარებაში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რომლიდანაც 45% ქართულ მხარეს, ხოლო 55% შვეიცარიელ პარტნიორებს ეკუთვნოდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები