მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბლაუენშტაინ საქართველომ" რაჭაში ღორის ფერმის მშენებლობა დაიწყო

5bd8347dc0ec1
მაია ბიწაძე
29.10.18 17:11
2689
"ბლაუენშტაინ საქართველომ" რაჭაში, სოფელ სორში, ღორის ფერმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 70 დედა ღორზეა გათვლილი, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პროექტი სამეტაპიანია, რომლის ფარგლებშიც სამი ანალოგიური ფერმის მშენებლობაა დაგეგმილი. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ფერმის ფლიგელები ერთმანეთისაგან იზოლირებული იქნება. პროექტი სამ წელზეა გათვლილი და მასში 7,8 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება.

"ფერმის მშენებლობა ახლახანს დავიწყეთ, რაც შეეხება აღჭურვილობას, უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიულ მხარესთან და როგორც კი მშენებლობა დამთავრდება, ავსტრიელები ჩამოვლენ და თავად დაამონტაჟებენ მოწყობილობებს. ფერმა 70 დედა ღორზე იქნება გათვლილი და მასში 3 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. ფერმაში ცხოველს მომავალი წლის თებერვალში შევუშვებთ და 2019 წლის სექტემბერში უკვე დაიწყება ღორის დაკვლა. ეს იქნება ლანდრასისა და იორშკირის ჯიშების შეჯვარების შდეგად მიღებული ღორი, რომელიც დასაკლავ კონდიციაში 120 კილოგრამს იწონის“ - განაცხადა თათია არაბიძემ.

მისი განმარტებით, ღორს მხოლოდ ნატურალური საკვებით, კერძოდ მარცვლეულით გაზრდიან.


"აქამდე ღორის ხორცს ვყიდულობდით პარტნიორებისგან, ჩვენ გვინდა რომ განსაკუთრებული ნიშა დავიკავოთ. ჩვენი ღორის ხორცი იგივე ხაზის იქნება, როგორც ჩვენი ძროხის ხორცია, ანუ გაიზრდება მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე, მარცვლეულზე, ყოველგვარი დანამატების გარეშე. შესაძლოა ამის გამო მან დასაკლავ წონას თვენახევრით გვიან მიაღწიოს, ვიდრე ჩვეულებრივი ფერმების შემთხვევაში ხდება ხოლმე, მაგრამ მთავარია რომ ჯანსაღი ხორცი გვექნება", - განაცხადა თათია არაბიძემ.

"ბლაუენშტაინ საქართველო" შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს რაჭაში შეიქმნა. კომპანიაში 27 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც 65% შვეიცარული ინვესტიციაა. "ბლაუენშტაინ საქართველო" საქონლისა და ღორის ხორცისგან 150-მდე დასახელების პროდუქტს ამზადებს, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საფირმო მაღაზიაში იყიდება. წლის ბოლომდე კომპანია კიდევ ერთი საფირმო მაღაზიის გახსნას ვაკეში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები