,,ბლაუენშტაინ საქართველო“ წლის ბოლომდე ვაკეში საფირმო მაღაზიას გახსნის, რაშიც 800 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა თათია არაბიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს იქნება რიგით მეორე საფირმო მაღაზია, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი გაიყიდება.
,,ამჟამად მიმდინარეობს მაღაზიის შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვა და ის უახლოეს მომავალში გაიხსნება. თავდაპირველად პროექტზე 500 ათასი ლარი გვქონდა გათვლილი, თუმცა ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ეს თანხა 800 ათას ლარამდე გაიზარდა, რადგან ძირითადი მოწყობილობების შეძენა საზღვარგარეთ გვიწევდა. მაღაზია ფალიაშვილის 67 ნომერში განთავსდება და იქ ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტი, კერძოდ 150 დასახელების საქონლისა და ღორის ხორც-პროდუქტი გაიყიდება. სხვათაშორის პირველი მაღაზიაც, რომელიც წერეთლზე მდებარეობს, 67 ნომერში გვაქვს განთავსებული“, - განაცხადა თათია არაბიძემ.
მისივე თქმით, კომპანია ასევე აამოქმედებს მოძრავ მაღაზიას, რომელიც საბურთალოზე იმოძრავებს და გაყიდის პროდუქციას.
როგორც თათია არაბიძე განმარტავს, საბურთალოს რაიონი სპეციალური კვლევის შედეგად შეარჩიეს, რომელიც კომპანიამ დაუკვეთა.
,,გარდა იმისა, რომ საბურთალო მრავალრიცხოვანი რაიონია, კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად საბურთალოს რაიონში ამზადებენ სადილს; რადგან ჩვენ ეს მიმართულება გათვლილი გვაქვს ნედლ ხორცზე, რომლისგანაც სადილები მზადდება და არა - დავარგებულზე, ამიტომ აქცენტი გავაკეთეთ ოჯახის დიასახლისებზე და ეს რაიონი შევარჩიეთ. იქ იმოძრავებს სპეციალური მანქანა, რომელიც დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის“, - განაცხადა თათია არაბიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 900 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს რაჭაში შეიქმნა. კომპანიაში 27 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც 65% შვეიცარული ინვესტიციაა.