მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BLC Law უზბეკეთის ბაზარზე შევიდა – იურიდიული ფირმა საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს

წერტილი

იურიდიული ფირმა BLC Law ოფიციალურად უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ქეთი ქვარცხავამ BMGTV-ის გადაცემაში #წერტილი განაცხადა, უზბეკეთში გასვლის გადაწყვეტილება მრავალწლიან ანალიზსა და ბაზრის მონიტორინგს დაეფუძნა.

მისი თქმით, კომპანია წლებია აკვირდებოდა რამდენიმე ბაზარს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს, თუმცა საბოლოო არჩევანი უზბეკეთზე გაკეთდა.

„უზბეკეთის ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალი გახდა - უზბეკეთს დაახლოებით 40 მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს და ამჟამად, ქვეყანაში სერიოზული რეფორმების ტალღა მიმდინარეობს. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური თამაშის აქტიური მონაწილე. აქ ჩანს სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი და სწორედ ამიტომ გახადა ეს ბაზარი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო“, - აღნიშნა ქვარცხავამ.

მისივე ცნობით, გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა BLC-ის პროფესიული გამოცდილებამ, რომელიც ამჟამად სრულად შეესაბამება უზბეკეთის ბაზრის საჭიროებებს. ქეთი ქვარცხავას თქმით, კომპანია საქართველოს მასშტაბით აქტიურად იყო ჩართული რეფორმების განხორციელებაში, საკანონმდებლო ინიციატივებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და მრავალ საერთაშორისო გარიგებაში, რაც ფირმას საშუალებას აძლევს, მსგავსი სერვისები განავრცოს ისეთ ბაზარზეც, როგორიც უზბეკეთია.

„შეგვიძლია ამ ბაზარს ძალიან კარგი სერვისები შევთავაზოთ. ჩვენი გამოცდილება ამ ბაზრისთვის ძალიან რელევანტურია. მონაწილეობა გვაქვს მიღებული როგორც რეფორმის მიმართულებით საქართველოში, სხვადასხვა რეფორმის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობაში, საერთო საფინანსო და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად. ასევე, საერთაშორისო გარიგებებში გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება.

შესაბამისად, უზბეკეთის ბაზარს სჭირდება ამგვარი გამოცდილება და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ უზბეკეთში იყო პოტენცია, რომ ჩვენი შესვლის შემთხვევაში ჯერ ერთი რელევანტურები ვყოფილიყავით, აქტუალური და საჭირო სერვისები შეგვეთავაზებინა და მოგვეტანა გარკვეული ღირებულება კლიენტებისთვის. გარდა ამისა, სწრაფი ზრდა გვეჩვენებინა“, - აცხადებს ქვარცხავა.

გარდა უზბეკეთის ბაზარზე შესვლისა, კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამი განსხვავებული ბაზრის შეფასება ოფისების გახსნის მიზნით, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნები ჯერ არ ხმაურდება, ქვარცხავას თქმით, ეს გეგმები უახლოეს მომავალში მეტ სიცხადეს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები