მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლექ სი გრუპმა“ მაჭავარიანის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერა - კომპანიის დირექტორი

6054ad6053089
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.21 18:14
5684
კომპანია "ბლექ სი გრუპმა" თბილისის მერიის დაკვეთით მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელება 2019 წლის ივლისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ვადები გახანგრძლივდა. დღეს კი პროექტს კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოება დაემატა - მიზეზი ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესებია.

BM.GE ინფრასტრუქტურული პროექტის შემსრულებელ კომპანია „ბლექ სი გრუპის“ დირექტორს ამირან მამუჭაძეს დაუკავშირდა. 

მისი განმარტებით, ვაშლიჯვარი-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტს 2009 წელსაც „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებდა და ამ ფერდობზე მეწყრული პროცესები მაშინაც ფიქსირდებოდა, თუმცა, გამოწვევებზე დროული და სწორი რეაგირების შედეგად დედაქალაქმა მიიღო გზა, რომელმაც სატრანსპორტო მოძრაობა მნიშვნელოვნად განტვირთა.

„მსგავსი გამოწვევები 2009 წელსაც გვქონდა, მაგრამ პროექტი განხორციელდა და ამ გზამ 11 წლის განმავლობაში უპრობლემოდ იფუნქციონირა. რაც შეეხება მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, სამშენებლო მოედანზე მეწყრული პროცესები ნებისმიერ არეალზე შეიძლება განვითარდეს. მთელი საქართველო თავისი კავკასიით მეწყრული ზონაა, რომლებიც სხვადასხვა დროს აქტიურდება. თუ ასე შევხედავთ, ამის გამო როგორც ამ ფერდობზე, ასევე ნუცუბიძეზე, წყნეთში, ბაგებში არც გზა უნდა აშენდეს და არანაირი პროექტი არ უნდა განხორციელდეს. ყველა გამოწვევას შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილება აქვს. მსგავსი გამოწვევების თავიდან აცილების მიზნით საინჟინრო აზროვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და პროცესების სწორად მართვაა საჭირო“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

კითხვაზე - რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე მაჭავარიანი-მარშალ-გელოვანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო მოედანზე, ამირან მამუჭაძე პასუხობს, რომ დღეიდან სამშენებლო სამუშაოები, რეკომენდაციების საფუძველზე, გარკვეულწილად შეზღუდულია.

„მაჭავარიანის ქუჩაზე გზიდან 200-300 მეტრის მოშორებით სამუშაოები შევაჩერეთ და გელოვანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიტანეთ. მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი 1800-მეტრიანი გზა მაღალგამტარუნარიანი იქნება, თუმცა გუშინ მაჭავარიანის ზედა ფერდობზე დაფიქსირებული მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე სამუშაოები დღეს დილიდან შევაჩერეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების განხორციელების კუთხით ჩვენს არეალზე არანაირი საფრთხე არ არის“, - განაცხადა ამირან მამუჭაძემ და დასძინა, რომ კომპანია სამუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც სპეციალისტები ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებულ მეწყრული პროცესების კვლევის შედეგად სამოქმედო გეგმასა და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე შეთანხმდებიან.

ცნობისთვის, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩის მშენებლობის ღირებულება 15 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები