ქართული კომპანია "ბლექსი მეტალი“ სპილენძის გრანულების საწარმოს შექმნაში ინვესტიციას განახორციელებს, ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა. საწარმო ქუთაისის თიზში გაკეთდება, რომელიც კომპანია ,,ჰუალინგს“ ეკუთვნის.
"მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და მაისში უკვე კონკრეტული კონტრაქტების გაფორმებაზე გადავალთ. საწარმოში მოხდება სპილენძის ნარჩენების შემოტანა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით გადამუშავება, რის შედეგადაც მიიღება სპილენძის გრანულები, რომელიც შემდეგ სხვადასხვა წარმოებაში გამოიყნება. წარმოებაში ადგილობრივი კადრები დასაქმდება“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
მისივე განმარტებით, ქუთაისის თიზ-ში შესვლით ბევრი კომპანიაა დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თიზ-ის ინფრასტრუქტურის 30% უკვე ათვისებულია. ჰუალინგის კუთვნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში 36 ჰექტარზეა განთავსებული.