Bloomberg New Energy Finance-ის ინფორმაციით, 2040 წლისთვის გამოშვებული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრო იქნება.
როგორც Bloomberg წერს, მსოფლიოს მასშტაბით, ეს რიცხვი 57%-ს გადააჭარბებს.
ამასთან, BP-ის პროგნოზის ფონზე, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის ნავთობის მარაგები კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ეს სტატისტიკა უფრო რეალური ხდება.
2018 წელს მთელს მსოფლიოში 2 მილიონი ელექტრო ავტომობილი გაიყიდა, Bloomberg-ის მიხედვით კი, 2040 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება.
ელექტრო ავტომობილის ელემენტის ფასი 2010 წლის შემდეგ 85%-ით შემცირდა, რაც მისი შეკეთების და განახლების ხარჯებს თითქმის ანახევრებს.
ელექტრო ავტომობილების სარგებელი მხოლოდ ფულადი არაა - CNN Money-ის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება 2040 წლისთვის სერიოზულად შემცირდება და 2018 წლის დონეს დაუბრუნდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, ჩინეთი ამ კომპონენტში უპირობო ლიდერია და ყველაზე მეტი გაყიდული ავტომობილიც სწორედ მასზე მოდის. მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკაში უკვე 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების 48% ელექტრო იქნება.

























