მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: არაბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულები დასვენებას წლის ბოლოდან გეგმავენ

5ec2ce77dd466
მარიამ ადამია
18.05.20 23:40
1100
არაბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულები დასვენებას, წლის ბოლოსთვის გეგმავენ, ტურ-ოპერატორებმა კი მათზე მორგებული ძვირად ღირებული, თუმცა უსაფრთხო სამოგზაურო პაკეტების შემუშავება უკვე დაიწყეს. მაგალითად, აფრიკულმა ტურისტულმა სააგენტომ Roar Africa-მ, დაინტერესებულ პირებს, სამხრეთ აფრიკაში, რვადღიანი ტური შესთავაზა, რომელიც მოიცავს პირად პილოტს, გიდს, მზარეულსა და ყველა იმ საჭირო პერსონალს, რომელიც დასჭირდება ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის. ამ სოციალურად დისტანცირებული ტურის ფასი კი 60,000 დოლარია ერთი ადამიანისთვის, თუმცა ფასის მიუხედავად, ტურის გამოცხადებისთანავე, მაისის დასაწყისში ის ასობით ადამიანმა შეიძინა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მსგავსი ტურების მოწყობა არ არის გამართლებული არც კომპანიისთვის, რადგან დიდ რესურსს მოითხოვს და არც მოგზაურისთვის, რადგან ძვირი ჯდება, თუმცა აფრიკული ველური ბუნებისა და მოგზაურობაზე დამოკიდებული ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში. ხოლო თავად ტური იგეგმება მხოლოდ წლის ბოლოდან, რადგან წინასწარი ვარაუდით, ნოემბერ-დეკემბერში მოგზაურობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, თუმცა, გაძვირებული ფასებით, რასაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება განაპირობებს.

გამოდის, რომ რაც უფრო მეტ დოლარს დახარჯავს ადამიანი, მით უფრო უსაფრთხოდ იმოგზაურებს მსოფლიოში. ამიტომაც ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი მოთხოვნა სწორედ იმ სეგმენტიდან წამოვა, რომლებსაც აქვთ კერძო თვითმფრინავით ფრენის შესაძლებლობა, ხოლო მოთხოვნა გაიზრდება ისეთ კურორტებზე, მაგალითად, როგორიცაა სენტ ვინაენტის კუნძული, რომელიც 115 ჰექტარ ფართობზე 22 კოტეჯს აერთიანებს და ყველა მათგანი წლის ბოლოსთვის დაჯავშნილია.

ასევე მოთხოვნა გაზრდილია საკურორტო ზონებში, კერძო ვილების დაქირავების მიმართულებით. როგორც ჩანს, ადამიანები ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდი და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა შემობრუნდეს, მაინც დაიწყეს დაგეგმვა.

ექსპერტების შეფასებით, ამ პერიოდში ტურისტების მატება და მოთხოვნა მოსალოდნელია ისლანდიაში, რადგან ის აკმაყოფილებს covid-19 ისთვის აუცილებელ მოთხოვნებსაც და ინფრასტრუქტურასაც. ასევე გეოგრაფიული უპირატესობით სარგებლობს მალდივის კუნძულები, რომლებიც ივნისიდან მიიღებს სტუმრებს, თუმცა ჯერჯერობით მუშაობენ უსაფრთხოების ზომების შემუშავებაზე.

ასევე გაიზრდება მოთხოვნა იახტის დაქირავების მიმართულებით, რადგან ადამიანებმა დაიწყეს 14–დღიანი შვებულების დაგეგმვა ოკეანეში, იახტებზე.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, არიან მოგზაურები და ტურისტული სააგენტოები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინამდე კატეგორიულად გამორიცხავენ მოგზაურობას, მაგრამ ასეთები უმცირესობაში არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები