მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg, Tripadvisor, Expedia... - ვის შეხვდა მაია ომიაძე ITB Berlin-ზე?

ITB Berlin

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გავლენიან მედია და დაჯავშნის პლატფორმებთან ერთად ახალ კამპანიებს გეგმავს.

პრესრელიზის თანახმად, ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მოლაპარაკებები გამართა Bloomberg-ის, National Geographic Traveller-ის, Euronews-ის, CondeNast-ის, Wanderlust-ის, Tripadvisor-ის, Expedia-ს, Amadeus-ის, Skyscanner-ის, Edelweiss-ის და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებთან.

უწყების ცნობით, საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას, დაგეგმილია მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს დაჯავშნის პლატფორმასთან Skyscanner.

„2023 წელს ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჩვენ ვაპირებთ განვაახლოთ თანამშრომლობა მიზნობრივ ბაზრებზე, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები გავზარდოთ. დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან წარმატებული დიალოგი გვქონდა PR და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვის, აგრეთვე ახალი აქტივობების შესახებ, რომელიც პრომოციას გაუწევს საქართველოს ტურისტულ ბაზრებზე”, - აცხადებს Skyscanner-ის წარმომადგენელი ზეინაბ მუთლუ.

ITB Berlin-ის 3-დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

ცნობისთვის, 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციაზე 27.7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. BM.GE ეცდება დააზუსტოს რა თანხა მოხმარდება საერთაშორისო მედია და დაჯავშნის პლატფორმებთან თანამშრომლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები