მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლუბერი ფილდსის“ ინვესტიცია ლურჯი მოცვის ბაღში - როგორია განვითარების გეგმა?

64535f515ba07
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 11:41
3989
სტატიაში საუბარია:
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს აგროსექტორში სულ უფრო მეტი კომპანია კენკროვანი კულტურების გაშენებას იწყებს. სოფლის მეურნეობით დაინტერესებულთა განსაკუთრებულ ყურადღებას კი მოცვის ბაღების მოწყობა და ამ კულტურის წარმოება იქცევს. გასულ წელს, საქართველოში მოცვის მეურნეობათა რიცხვს კომპანია „ბლუბერი ფილდსი“ შეემატა. კომპანიის დირექტორი ბაია გადაბაძე გვიყვება, რომ ლურჯი მოცვის ბაღი წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში 25.5 ჰა-ზე, 3 მილიონი ლარის ინვესტიციით გაშენდა. პროექტის მთავარი პარტნიორი კი „საქართველოს ბანკია“. სწორედ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობები შეიძინა და მიწა დაამუშავა. ამასთან, ამავე რესურსით მიწის ნაკვეთზე ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა მოაწყო.

კომპანიის მენეჯმენტი ამ ბაღების გაფართოებას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, თუმცა მანამდე პირველი მოსავლის აღებას 2024 წელს ელიან. მთავარ მიზანს კი გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებში ლურჯი მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.

აგრობიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, მიზნებსა და გეგმებზე BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ ისაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ აგროსფეროში, კონკრეტულად მოცვის მიმართულებით, ბიზნესის წამოწყება? რატომ წყალტუბო და გაშენებული ფართობების მიხედვით, როგორია მოსავლიანობის მოლოდინი?

უცხოური ბაზრის შესწავლის შემდეგ საქართველოს პოტენციალი შევისწავლეთ - რამდენად თავსებადი იყო სხვადასხვა კუთხეში მიწები ამ კულტურის კულტივაციისათვის. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ რეგიონებში საკმაოდ ხარისხიანი მოცვის მოყვანაა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, წყალტუბო. ამ მიმართულებით დაინტერესებაზე სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის სუბსიდირებამ და საგრანტო პროგრამამაც იქონია გავლენა და ამ ბიზნესის წამოწყებისკენ გვიბიძგა.

პირველი ბაღი 25.5 ჰა-ზე მოეწყო და პირველ მოსავალს 2024 წელს ველით. ვფიქრობთ, საორიენტაციოდ 40-45 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალს ავიღებთ. სრული მსხმოიარობის შემდეგ კი, ამ კონკრეტული ბაღიდან ყოველწლიურად 300-350 ტონა მოსავალს მივიღებთ.

- აგრობიზნესის წამოწყებისას მკაფიოდ გაქვთ განსაზღვრული, რომ მთავარი სარეალიზაციო არეალი უცხოური ბაზარი იქნება. რომელ კონკრეტულ ქვეყნებზე კონცენტრირდებით და ხომ არ დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

ჩვენი მოსავლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე იქნება მიმართული. ერთ-ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება - გაერთიანებული საამიროები იქნება, სადაც გამოფენებსა და ექსპოზიციებში აქტიურად ვმონაწილეობთ და პოტენციურ კლიენტებთან ვამყარებთ კომუნიკაციას. ამასთან, „ბლუბერი ფილდსის“ პროდუქტი ევროპის ბაზარზე გავა, ამისათვის პროექტი თავიდანვე საერთაშორისო GLOBAL GAP-ის სტანდარტით ხორციელდება. საექსპორტო ქვეყნები ძირითადად მოთხოვნის და ბაზრის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველწლიურად მზარდია.

- რატომ აკეთებთ მთავარ აქცენტს საექსპორტო ქვეყნებზე და რამდენად მიმზიდველია ადგილობრივი ბაზარი მწარმოებლებისთვის?

ქვეყნის შიდა ბაზარი ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზების მიზნებისათვის მცირეა, მაგრამ ჩვენი პროდუქციის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად შიდა ბაზარზეც შეგხვდებათ. მინდა აღვნიშნო, რომ მოცვის კულტურის ცნობადობა და პოპულარობა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება.

- „ბლუბერი ფილდსის“ მოცვის ბაღების პროექტი მხოლოდ არსებული 25 ჰა-ით არ შემოიფარგლება და თქვენი სტრატეგია ბიზნესის გაფართოება და განვითარებაა. როგორია გეგმები?

2023 წელს დავიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ 5.5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს 30 ჰექტარზე. 2024-2025 წლებში კი ბაღებს დამატებით 45 ჰექტარზე გავაფართოვებთ. დღეისთვის, მუდმივად ვასაქმებთ 15-20 ადამიანს. კრეფის პერიოდში კი ყოველდღიურად 300-400 ადამიანი დასაქმდება.

ბიზნესის განვითარების სტრატეგია, 2024 წლის გაზაფხულზე „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოიცავს, რომელიც დაახლოებით 100 ჰექტრის მოსავლის გადამუშავების და შენახვის საშუალებას მოგვცემს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს და არაერთი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია.


„ბლუბერი ფილდსის“ პროექტთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი ნინო აფციაური BM.GE-სთან ლურჯი მოცვის ბაღების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.

- როგორია „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა ამ კონკრეტულ პროექტში?

„ბლუბერი ფილდსის“ პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 8.5 მლნ ლარია. ჩვენი მხრიდან დაფინანსდა როგორც ბაღების გაშენების, ასევე მათი მოვლის ნაწილი და პირველადი საოპერაციო ხარჯებიც. კომპანიას წინ დიდი გეგმები აქვს და ვფიქრობთ, ჩვენი დაფინანსების მოცულობაც შესაბამისად გაიზრდება.

- ნინო, საინტერესოა, ზოგადად რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს მოცვის ბაღების გაშენებისთვის?

მსოფლიოში მოცვზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. შესაბამისად, გაშენებული პლანტაციების ფართობები წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის FAO-ს მონაცემებით, ჯამური მსოფლიო წარმოება 823 328 ტონას შეადგენდა. აღნიშნულ ტენდენციას ქართული აგროინდუსტრიაც მიჰყვება, მით უმეტეს რომ „სოფლის განვითარების სააგენტო“ კიდევ უფრო მეტად ახალისებს კენკროვანი კულტურების ბაღების კომპონენტის ნაწილს. ჯამში, საქართველოში 2023 წლის მდგომარეობით, გაშენებულია 1600-მდე ჰა მოცვის პლანტაცია. თუ დავუშვებთ, რომ 1 ჰა მოცვის ბაღის გაშენების ხარჯი 50 000 – 120 000 ლარამდე ვარირებს, შეიძლება ითქვას, რომ ჯამურად გაწეული ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონi ლარის ფარგლებშია. მხოლოდ 2022-ში აღნიშნულ ბიზნესში ინვესტირებული თანხის მოცულობა უხეშად 30 მლნ ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი მოცვის ბაღი - 706 ჰექტარი, წლის ჭრილში, 2021 წელს გაშენდა.

- როგორ აფასებთ, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის პერსპექტივებს?

ძირითადად, მწარმოებლების ბიზნეს მოდელი სრულად ექსპორტს ითვალისწინებს. აღნიშნულ მიზანს საფუძველს კიდევ უფრო მეტად პროდუქციის ადგილობრივი მოხმარების სიმცირეც უმყარებს, რაც არ აღემატება 50-60 ტონას.

ყოველწლიურად ლურჯი მოცვის ექსპორტი მზარდია, რასაც ერთი მხრივ, ახალი ბაღების ფართობების მატება და მეორე მხრივ, უკვე გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში ეტაპობრივად შესვლის ფაქტი განაპირობებს. მოცვის კულტურა ქართული ენდემური ჯიში არ არის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი გაშენება იმიტომ დაიწყეს, რომ ჩაითვალა, რომ აღნიშნულ კულტურას საექსპორტო პოტენციალი გააჩნია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტების შეფასებით, 2020 წელს საქართველოში დაახლოებით 750 ტონა მოცვი მოიკრიფა, საიდანაც 89% ანუ 665 ტონა ექსპორტირებული იყო. დანარჩენს ან ქვეყანაში მოიხმარდნენ, ან გადაამუშავებდნენ.

FAO-ს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ყოველწლიურად 200-დან 300 ჰექტრამდე მოცვი ირგვება, რაც ბიზნესის გაფართოების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2021 წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივნის-ივლისში, ქვეყანამ ექსპორტზე 8,1 მილიონი დოლარის ღირებულების 1,4 ათასი ტონა მოცვი გაიტანა. ეს დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული სეზონის მაჩვენებელს, რომელსაც აქამდე ყველაზე მაღალი ექსპორტის მოცულობა და ღირებულება ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები