BMG-ის სიახლეები სომხეთის ბაზარზე იქნება მოთხოვნადი და ცნობადიც, ამის მიზეზია ბოლო 23 წლის განმავლობაში ეკონომიკის თემატიკისკენ სომხეთის სერიოზული შემოტრიალება, - ამბობს BMG-ის სომხეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟურნალისტი არშალუის მღდესიანი, რომელიც სომხეთიდან bm.ge-ის მკითხველის ინფორმირებას მარტიდან შეუდგა. BMG-ის გუნდის ახალი წევრი მიიჩნევს, რომ ქართული ბიზნეს მედიის სომხეთში წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც.
“BMG-ის ბიურო ერევანში სრულად ვკონცეტრირდებით სომხეთის ეკონომიკურ პროცესებზე, შემიძლია ვთქვა, რომ დავწერთ ყველაფერს ეკონომიკის შესახებ. დარწმუნებული ვარ, BMG-ის სიახლეების მიმართ ადგილობრივი ინტერესი იქნება ცალსახად მზარდი და არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარზე. ამას მივაღწევთ მაღალი ხარისხის ანალიტიკური ამბების მომზადებით”, - ამბობს სომხეთის ბიუროს ხელმძღვანელი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბიურო შეეცდება სომხეთის ეკონომიკაში არსებული ამბებით დააინტერესოს BM.GE-ის მკითხველი, როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც, - „ამასთან, ჩვენი ამოცანაა, რომ სომხეთის აუდიტორიისთვის საინტერესო და მოთხოვნადი გახდეს ამბები საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ. დღეს შესაძლებლობების და ტექნოლოგიების ეპოქაა, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმალური ინვესტიციებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, BMG ჩვენი მომხმარებლებისთვის სასარგებლო და განუყრელი პლატფორმა გახდეს, რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაეხმარება”, - აღნიშნავს არშალუის მღდესიანი.
ცნობისთვის, აშშ-ის და აზერბაიჯანის შემდეგ, BMG-მ ბიურო სომხეთში მიმდინარე თვის დასაწყისში გახსნა. რამდენიმეკვირიანი სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ, წარმომადგენლობა სრულფასოვნად ამოქმედდა.
ერევნის ბიუროს არშალუის მღდესიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც, როგორც სომხურ, ასევე, საერთაშორისოს მედიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. არშალუის მღდესიანი (mgdesyan@bm.ge) BMG-ის მკითხველებს ადგილობრივ და რეგიონის ამბებს ინგლისურ და რუსულ ენაზე აწვდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, გარდა ქართული ენისა, bm.ge-ზე საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ სიახლეები ხელმისაწვდომია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.
Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წელს ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 8.4 მილიონი შეადგინა. მკითხველებმა ვებგვერდზე სულ 20 მილიონი სესია განახორციელეს.