ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს, EASA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Boeing-ი 737 Max-ის თვითმფრინავის ევროპაში ფრენების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, სააგენტომ 2019 წლის მარტში შეაჩერა თვითმფრინავის ყველა რეისი ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელთა მიზეზიც ბოინგის მართვის არასრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა. მაშინ ინდონეზიასა და ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ 346 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად მოდიფიცირებული თვითმფირავი კი აშშ-სა და ბრაზილიაში ფრენების განახლებისთვის ემზადება. როგორც EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ განაცხადა, Max-200 ვარიანტის სერტიფიცირება უახლოეს კვირებში დაიწყება, რაც ბოინგს ზაფხულამდე ფრენების განახლების საშუალებას მისცემს.
ახალი სერტიფიცირების წესების თანახმად, უკვე არსებულ თვითმფრინავებს განახლებულ კომპიუტერულ პროგრამებთან ერთად, შეცვლილი გაყვანილობისა და კაბინის აპარატურა უნდა ჰქონდეს; მფრინავებს სავალდებულო ტრენინგის გავლა დასჭირდებათ, ხოლო თითოეულ თვითმფრინავს საცდელი რეისების შესრულება მოუწევს.