აშშ-ის, სამხრეთ კორეის და იაპონიის ავიაკომპანიებმა დროებით შეწყვიტეს Boeing 777-ის ექსპლუატაცია ძრავის გაუმართაობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, საავიაციო კორპორაცია Boeing-ი გამოვიდა რეკომენდაციით, შეჩერდეს იმ Boeing 777-ების ექსპლუატაცია, რომლებიც Pratt & Whitney 4000-112-ის ძრავაზე მუშაობენ. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ში ერთ-ერთი რეისის დროს აღნიშნული ძრავის თვითაალება დაფიქსირდა.
როგორც კომპანია იტყობინება, დროებით შეჩერებულია ექსპლუატაციაში მყოფი 69 და სადგომზე მყოფი 59 თვითმფრინავის გამოყენება, რომლებიც აღნიშნული ძრავებით არიან აღჭურვილები.
21 თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 777-ს, რომელიც რეისს ასრულებდა დენვერიდან ჰონოლულუმდე, ფრენისას ძრავა გაუფუჭდა. მისი ნაწილები ქალაქ ბლუმფილდის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი, რომელშიც 241 ადამიანი იმყოფებოდა, აეროპორტში დაბრუნდა და წარმატებით დაჯდა.