მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა ქართულ ATC- ს შემოსავლები შეუმცირა

634f9255e9ac6
ნინო ტაბატაძე
19.10.22 20:00
2307
ავიაინდუსტრიაში წარმოების შემცირებამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებს (ციკლონი)” შემოსავლები შეუმცირა.

კომპანიამ 2021 წელს 5.88 მლნ დოლარის ამონაგები მიიღო, 35%-ით ნაკლები 2020 წელთან შედარებით. საერთო მოგება 3.3 მლნ დოლარიდან 0.9 მლნ დოლარამდეა შემცირებული. წლის სრული ზარალი კი, 6.1 მლნ დოლარს შეადგენდა.

გლობალურ ავიაბაზარზე არსებული გამოწვევებმა ქართული კომპანიის გეგმები სრულად შეცვალა. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს პანდემიის გავლენა კომპანიის შემოსავლებზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახა, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ Boeing-ის მიერ თვითფრინავების წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით, ხოლო მეორეს მხრივ 787 Dreamliner-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებით, კერძოდ, Boeing-მა 2021 წლის მესამე კვარტლიდან ამ მოდელის წარმოება საერთოდ შეაჩერა და მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში განაახლა მომხმარებლებისთვის ამ თვითმფრინავების მიწოდება, ისიც მცირე რაოდენობით, 2 ერთეული თვეში. მაშინ როცა პანდემიამდე პერიოდში თვეში 14 ერთეულის მიწოდება ხდებოდა ავიაკომპანიებისთვის.

ირკვევა, რომ 2021 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი პროექტი, კერძოდ Boeing-ის 737 Max-ის ნაწილების, მეტალის ტექნიკური კარების წარმოებისათვის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც კომპოზიტური მასალებით არ მზადდება (გამოიყენება მეტალი). აღნიშნული პროცესი 2021 წლის ბოლოს დასრულდა, ხოლო პირველი ნაწილების გაყიდვა შედგა 2022 წლის იანვარში.

კომპანიის სამომავლო გეგმებში არის ახალი პროექტების განხორციელებაც, რაც ითვალისწინებს, როგორც კომპოზიტის ნაწილების წარმოების გაფართოებას, ასევე მეტალისა და საამწყობო მიმართულების გაზრდას.

მენეჯმენტის გათვლებით, 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია Boeing 787 Dreamliner-ის წინა შასის 4 ტიპის კარის წარმოების კვალიფიცირების დასრულება, რომელიც 2021 წლიდან მიმდინარეობს, გარდა ამისა 2022 წლიდან მიმდინარეობს Boeing 767-ის ტექნიკური კარის წარმოების კვალიფიცირების პროცესიც, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან მოუტანს შემოსავლებს კომპანიას.

„რადგან  „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები ციკლონის“ მიერ წარმოებული ნაწილების დაახლოებით 90% ბოინგისთვის „787 Dreamliner“ არის განკუთვნილი, 2021 წელს კონკრეტული ნაწილების წარმოება და რეალიზაცია დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. კომპანიამ ვერ შეასრულა საგადახდო ვალდებულება ქართული კომერციული ბანკის მიმართ 2021 წელს და მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია ძირი თანხის გადახდის გრაფიკის ერთი წლით ცვლილების, თავდაპირველი დაფარვის თარიღის შენარჩუნების გზით. ამასთან, აქციონერული ხელშეკრულების და მშენებლობის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია იძულებული იყო განეხორციელებინა ინვესტიცია ქარხანაში, მშენებლობის მეორე ეტაპზე 2020- 2021 წლებში და ამ პროცესში დამატებით 15 მილიონი აშშ დოლარი ჩაედო. დღეისათვის კომპანიას არ გააჩნია დაფინანსება ამ გაფართოებისთვის, რადგან გეგმა შეჩერებულია კოვიდ-19-ის პანდემიის გამო“, - ნათქვამია 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.

 „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები ციკლონის“ საწესდებო კაპიტალი 60 მილიონი დოლარია. აქციები თანაბრად არის გადანაწილებული შემდეგ აქციონერებს შორის:  „Elbit Systems - Cyclone“, რეგისტრირებული ისრაელში;  „საპარტნიორო ფონდი“ და შპს „პროექტი“, რეგისტრირებული საქართველოში, რომელიც მშობელი კომპანიის მიერ კონტროლირდება.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები