მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიამწარმოებელი და ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტორი, ამერიკული Boeing-ი მნიშვნელოვან გარიგებას აანონსებს, რომლის მიზანი - კომპანიის უსაფრთხოების და ხარისხის მართვის პოლიტიკასთან არსებული ეჭვების გაქარწყლებაა. ამისთვის, Boeing-მა თვითმფრინავის ფიუზელაჟის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Spirit AeroSystems-ის შეძენა გადაწყვიტა, რისთვისაც კომპანიის აქციებს Boeing-ის $4.7 მილიარდის აქციებს გადასცემს, რაც კომპანიის ამჟამინდელ შეფასებასთან შედარებით 24%-იანი პრემიუმია.
აღნიშნული გარიგება პირდაპირ უკავშირდება იმ რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტს, რომელიც ამერიკულ კომპანიას ბოლო დროს თავს გადახდა. მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, Alaska Airlines-ის ერთ-ერთი რეისის დროს Boeing-ის თვითმფრინავს კარი მოსძვრა, ინვესტორები ამერიკული კომპანიის ხარისხის კონტროლზე ალაპარაკდნენ. შედეგად, აშშ-ის ავიაციის ფედერალური სააგენტომ კომპანია შეისწავლა, ხოლო Boeing-ი პროდუქტების მიმართულებით ჩატარებული აუდიტების 37%-ში ჩავარდა. საერთო ჯამში, FAA-მ Boeing-ის პროდუქტის შეუსაბამისობის 97 შემთხვევა დააფიქსირა, რაც წარმოუდგენელი შედეგია, მით უფრო საავიაციო ინდუსტრიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრიაა.
Spirit AeroSystems-ი Boeing-ისთვის უცნობი კომპანია არ არის, მეტიც - სწორედ ეს კანზასური კომპანია ქმნის Boeing-ის რამდენიმე საჰაერო ხომალდის, მათ შორის 737-ისა და 787 Dreamliner-ის ფიუზელაჟისა და კარკასის ნაწილებს. გასულ წელს, Spirit AeroSystems-მა $6 მილიარდის შემოსავალი მიიღო და ამ თანხის დაახლოებით 70% სწორედ Boeing-ის კონტრაქტებზე მოდიოდა. თუმცა Boeing-თან ერთად, Spirit AeroSystems-ი მის მთავარ კონკურენტს, ევროპულ Airbus-საც ემსახურებოდა. ევროპულ კონტრაქტებზე ამერიკული კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 25% მოდიოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ Spirit AeroSystems-ი Boeing-ის ექსკლუზიური მწარმოებელი გახდება, კომპანია ვალდებული იქნება Airbus-ს $559 მილიონი გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ის შიგნით შექმნილ არამდგრადი და არაჯანსაღი გარემოს ფონზე, კომპანიის აქციების ღირებულება მკვეთრად არის შემცირებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, კლება 27.7%-ია, ხუთი წლის ჭრილში კი, Boeing-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 50%-ითაა შემცირებული.