თვითმფრინავებისა და სამხედრო შეიარაღების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, ამერიკული Boeing-ის თანამშრომლების უდიდესი პროფესიული კავშირი კომპანიასთან ახალ საკონტრაქტო პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს. “მექანიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია” - ასე ჰქვია პროფესიულ კავშირს, რომელიც ვაშინგტონსა და ორეგონში ბაზირებულ 32,000-ზე მეტ მექანიკოსს აერთიანებს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელფასების 40%-ით ზრდას მოითხოვს.
ამ სიახლეს უარყოფითად შეხვდნენ Boeing-ის ინვესტორები, რადგან მედიაში სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულებამ 2.2%-ით იკლო. თან, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ამერიკულ კომპანიას, ბოლო დროს, აწუხებს - ორი თვის წინ, მოგეხსენებათ, Boeing 737-9 MAX-ის ტიპის ავიახომალდის ერთ-ერთ ფრენაზე თვითმფრინავს კარი მოსძვრა, რის გამოც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, Boeing-ი კვლავაც რჩება აშშ-ის სამთავრობო კონტრაქტორად სამხედრო ტექნიკის მიმართულებით. ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $121 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით 118-ე კომპანიაა მსოფლიოში.