თვითმფრინავების მწარმოებელი Boeing-ის აშშ-ის საწარმოებში თანამშრომლები კომპანიის ბოლო შეთავაზებას დასთანხმდნენ, რითაც 7-კვირიანი გაფიცვა დასრულდა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, Boeing-ის თანამშრომლების ხელფასები, მომდევნო 4 წლის მანძილზე, 38%-ით გაიზრდება.
გაფიცული თანამშრომლები მუშაობას ხვალიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.
Boeing-ის 30 000-მდე თანამშრომლის გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო, რამაც საწარმოების მუშაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და კომპანიაში უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომელთა 59%-მა მხარი დაუჭირა Boeing-ის ახალ შეთავაზებას, რომელიც, ხელფასის ზრდასთან ერთად, ერთჯერად ბონუსსაც ითვალისწინებს, $12 000-ის ოდენობით. ასევე, ახალ კონტრაქტში გათვალისწინებულია საპენსიო გეგმის ცვლილებებიც.
პროფკავშირები კომპანიისგან ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვდა, თანამშრომლებმა კი 7 კვირის განმავლობაში Boeing-ის ორ შეთავაზებაზე თქვეს უარი.
Anderson Economic Group-ის გამოთვლებით, Boeing-ს ასეთი მასშტაბური გაფიცვის გამო $10 მილიარდის ზარალი მიადგა. ამასთან, კომპანიამ მესამე კვარტალში $4 მილიარდიანი საოპერაციო ზარალიც დააფიქსირა.
გასულ კვირას Boeing-მა $20 მილიარდის მობილიზებისთვის აქციებიც გაყიდვაც დაიწყო, რადგან არსებობს რისკი, რომ ხანგრძლივი გაფიცვის ფონზე კომპანიის საკრედიტო რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება, რაც მისთვის სესხს მნიშვნელოვნად გააძვირებს.
მანამდე, ოქტომბრის დასაწყისში, კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან 17 000-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რისი შესაბამისი განცხადებებიც დასაქმებულებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაეგზავნებათ.
Boeing-სთვის წარუმატებელი წელი ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო, როდესაც კომპანიის წარმოებულ 737 Max 9 მოდელს "ალასკას ავიახაზების" რეისის შესრულებისას ჰაერში კარი მოწყდა. წარუმატებელი იყო კომპანიის კოსმოსურ მიმართულებაც: ხომალდი Starliner საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან NASA-ს კოსმონავტების გარეშე დაბრუნდა.