მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოკერია: გვენეტაძე უტიფრად უარს აცხადებს კომიტეტზე მოსვლაზე და იძახის, სესიაზე მოვალო

5ca33e799d010
დავით ჯალაღონია
02.04.19 14:44
1078
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტის რეგლამენტის იგნორირებაში ადანაშაულებს.

როგორც ბოკერიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გვენეტაძის მხრიდან პარლამენტის რეგლამენტის იგნორირებას აქვს ადგილი, როცა სებ–ის პრეზიდენტი ფრაქციის მოთხოვნის შესაბამისად არა კომიტეტზე, არამედ პლენარულ სხდომაზე აპირებს მისვლას.

"ჯერ ბატონმა გახარიამ დაარღვია რეგლამენტი, როცა კომიტეტზე მოვიწვიეთ და თქვა, სესია მირჩევნიაო. თქვა კი არა, ასე გააკეთა. ახლა ქვეყნის უმწვავეს კორუფციულ სკანდალზე, (კორუფციაში ვგულისხმობ მთავრობის, პროკურატურის ჩარევას), „თიბისის ბანკის“ სკანდალზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ კომიტეტზე მობრძანდა და კითხვებზე პასუხი არ გაგვცა, შეიძლება რამე ცუდი წამომცდესო... საოცარი გამართლება ჰქონდა. ახლა უტიფრად უარს აცხადებს კომიტეტზე მოსვლაზე მოთხოვნის მიუხედავად და იძახის, რომ სესიაზე მოვალო. ანუ რა გამოდის, ეს საზეიმო დოკუმენტი მიიღეთ კომფორტული ვითარებებისთვის? მე კი ვთვლი, რომ არსად არ არის თქვენი მთავრობა კომფორტულად, მაგრამ ზოგადად, კანონები, კონსტიტუცია, რეგლამენტი იმ ვითარებებისთვის კი არ არის მიღებული, როცა მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს, არამედ ყველა ვითარებისთვის... ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელი გასაგებია, ამიტომ მოგმართავთ თქვენ - პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლეოსბის ლიდერებს, მაინტერესებს კიდევ ერთელ დააფიქსირებთ რომ თქვენი პოლიტიკური წონა ნულის ტოლია თუ პოლიტიკური თავმოყვარეობაზე და თქვენს ინტერესზე გაახელთ თვალებს და პოზიციას დააფიქსირებთ?

თქვენ თუ გგონიათ, რომ რეგლამენტის იგნორირება, როცა ოპოზიციის მოთხოვნით მომხდარ მოწვევაზე ხდება, ოპოზიციის სისუსტის პრობლემაა, მაგრად ცდებით, ეს თქვენი სისუსტის ამბავია, მთელი პარლამენტის დამცირებაა. აპირებთ თუ არა, თქვენი პოლიტიკური თავმოყვარეობა დაიცვათ, როცა მთავრობის წარმომადგენელი გეუბნებათ, რომ ფეხებზე ჰკიდია კანონის მოთხოვნები და პარლამენტი?", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის: კობა გვენეტაძე TBC ბანკსა და რეგულაციებზე სასაუბროდ მზადაა და 5 აპრილს პარლამენტში მივა. აღნიშნული bm.ge-ის ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

"ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, რომ მივიდეს პარლამენტში, ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.

ეს საკითხებია: "თიბისი ბანკის" მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ სებ–ის პრეზიდენტი ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე დაიბარა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები