"ბატონი რომან კაკულია გამოირჩევა ცივილიზებული საქციელით და ძალიან ხშირად ჩვენს კომიტეტში მას სურს, რომ ცივილიზებული დისკუსია წარიმართოს. დღეს ძლიან სამწუხაროა, რომ მან ამ წნეხს ვერ გაუძლო და მას ასეთი კატასტროფული გადაწყვეტილება მიაღებინეს. ეს არის პარლამენტის უუნარობის გამოხატულება," - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, "ევროპულმა საქართველომ" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე მიმართა, რათა TBC ბანკის საქმეზე პარლამენტში მოსმენა გაიმართოს.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო ირაკლი კოვზანაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა, სადაც სწორედ "თიბისის" საქმე უნდა განხილულიყო, ის მზად არის, მოუსმინოს ბიზნესმენებს.
“მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობა დღეს სიღრმეში არ შევიდა, ჩემი შეთავაზება ძალაშია, მე შემიძლია მოვუსმინო ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც, მოვისმონო მათი არგუმენტები და პროფესიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიძლება შედგეს. თარიღზე შეიძლება შევთანხმდეთ”, - აცხადებს კოვზანაძე.
შეგახსენებთ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელზეც "თიბისის" საქმე უნდა განეხილათ, ჩაიშალა. მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომ საქმის დეტალური განხილვა დააზიანებდა თიბისის, რის შემდეგაც კომიტეტის ხელმძღვანელმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. თუმცა, თავად თიბისის თანადამფუძნებლები ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ბანკს, არ ეთანხმებიან.

























