მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024

RMG
03.06.24 14:58
228

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა.

კომპანია არემჯის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით ღონისძიებას ოქროსფერი ღვინის ქალაქმა მეორედ უმასპინძლა.

„გვიხარია, რომ ძალიან დიდი ჩართულობაა, მაღალია ინტერესი როგორც მეღვინეების, ასევე ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების მხრიდან. ჩვენ 7 წლის წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა ბოლნისური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება“ - განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა, არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც საქართველოს 29 ადგილწარმოშობას აერთიანებს. ფესტივალის მიზანს, მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

წელს ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტით ჩატარდა.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.

კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის მსვლელობის დროს საზეიმოდ გამოვლინდნენ. წელს ჟიურიმ 10 ოქროსა და 38 ვერცხლის მედალოსანი ღვინო დაასახელა.

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ტრიო „ალილომ“ და კვარტეტ „რანინამ“, დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალის წარმდგენი იყო არემჯი, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

არემჯის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები