ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.
პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება.
ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.
პარკის და ისტორიული არეალის განვითარების ფარგლებში იგეგმება, ასევე, გარე განათების, საინფორმაციო მანიშნებლების, წყლის ობიექტების, შადრევნების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე სისტემებისა და ელექტრომომარაგების ქსელების განახლებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილია არქეოლოგიური ძეგლების, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და გერმანული დასახლების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანება, რაც ბოლნისს კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებასაც. ისტორიული გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და მათი დაკავშირება ბოლნური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასთან ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-რელიზში.




























