“ბოლო 2 თვეში სტაბილურობის განცდა დავკარგეთ, ყველაზე კრიტიკული საკითხია, რაც ბიზნესს აწუხებს” - ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელმა სანდრო რატიშვილმა, ეკონომიკურ რისკებზე და საფრთხეებზე საუბრისას გადაცემა “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი განცხადებით, 2024 წლის პირველი თვეები ბიზნესისთვის სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა ბოლო 2 თვეში რადიკალურად შეიცვალა, რამაც ბიზნესს სტაბილურობის განცდა დააკარგვინა. მისივე თქმით, მოლოდინებზე საუბარი რთულია, თუმცა მისი შეფასებით, აუცილებელია პოლიტიკურმა ძალებმა პროცესების დეესკალაცია შეძლონ, იმისთვის, რომ ქვეყანამ და ბიზნესმა გადარჩენა შეძლოს.
“თითქოს [სტაბილურ 2024 წელს] დავიძინეთ, გავიღვიძეთ და აღმოვჩნდით რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში, რაც ყველანაირ სტაბილურობას, რაც არის ბიზნესისთვის მთავარი, გამორიცხავს. მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად სასწორზე შეაგდო ჩვენი ხვალინდელი დღის მოლოდინები და სწორედ იმ სტაბილურობის განცდა, რომელსაც ასე მივესწრაფით ჩვენ ყველა მსხვილი, საშუალო თუ წვრილი ბიზნესმენი. დღევანდელი მოცემულობით, 2024 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში სტაბილურობის განცდა დავკარგეთ, რაც არის ყველაზე დიდი და ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებს.
ბიზნესმენები და ბიზნესი ადამიანებისგან შედგება და თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. შესაბამისად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ცოტათი უნდა გამოვიდეთ ბიზნესის ჩარჩოდან, რადგან ქვეყნის სტაბილურობაზე და მომავალზეა ლაპარაკი. რას ველით ძალიან რთული სათქმელია, არცერთი წინასწარმეტყველი არ გახლავართ და ჩვენი პირადი ფანტაზიებით ვერ ვისაუბრებთ. აქ საუბარია რა გველის ყველას ერთად, ქვეყანას, მის პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელზეც პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკური სტაბილურობა არის ჩვენი ხვალინდელი, მშვიდი და წყნარი დღის გარანტი. იმედი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკური არასტაბილურობის რაიმე ფორმით დამშვიდება მოხდება, საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედი ძალები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მოახერხებენ ამ სიტუაციის განმუხტვას, საერთო თუ არა შეხების წერტილების მოძებნას, იმისთვის, რომ ქვეყანა, არა თუ ბიზნესი, არ დაგვექცეს თავზე. ჩვენ ამ გზაზე ვდგვართ და როგორ ბიზნესმენს ეს განცდა კიდევ უფრო გაათმაგებული მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიჭირავს ხელი.
რა შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვეულებრივი მოქალაქე არ იაზრებს, მაგრამ ჩვენ ხანდახან 2 ღამიდან 1 არ გვძინავს, იქიდან გამომდინარე თუ რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი და ჩემი კოლეგების ბიზნესები ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ამაზე ფიქრიც კი მზარავს,”- ამბობს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი.