თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016-2017 წლებში ბინის ქირის ქვეპროგრამის განხორციელებისთვის 11 698 913 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 4 435 530 ლარი ძირითადი წესით გაიცა, ხოლო - 6 065 470 ლარი განსაკუთრებული წესით.
რაც შეეხება ბენეფიციარების რაოდენობას, 2016-2017 წლებში ბინის ქირა აუნაზღაურდა 2 434 ოჯახსა და 1 083 პირს, საიდანაც 1 458 ოჯახს და 699 პირს ყოველთვიური სუბსიდია სწორედ განსაკუთრებული წესით ჰქონდა დანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა პროგრამის საგამონაკლისო შემთხვევად განიხილებოდნენ და არა უსახლკარობისგან დაცვის სოციალური პოლიტიკის ნაწილად.
სტატისტიკური მონაცემები სახალხო დამცველის აპარატმა გაასაჯაროვა.
„ბინის ქირის ქვეპროგრამის და ამ მიმართულებით მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების მოსარგებლეები მეტწილად სწორედ განსაკუთრებული წესის ბენეფიციარები არიან. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ განსაკუთრებული წესის გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს გამართული და სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები, რათა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მართლზომიერად და გამჭვირვალედ მოხდეს.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დასახელებული პროგრამა პრობლემის ერთჯერად მოგვარებაზეა ორიენტირებული და იგი ვერ უზრუნველყოფს უსახლკარობის გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრას. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საჭიროა ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურული რესურსების შექმნაზე (საბინაო ფონდის განვითარებაზე) გაკეთდეს და არა სუბსიდიარული პოლიტიკის გაძლიერებაზე (როგორიცაა ყოველთვიური ბინის გადასახადის ანაზღაურება).