ქალთა საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმოზის (ვერცხლისფერი აკაცია) იმპორტი პიკურ მაჩვენებელს აღწევს. სოჭის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე 300 ტონაზე მეტი ყვავილია გატანილი.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 5 ტონამდე მიმოზა შევიდა. სოჭის საბაჟოზე აცხადებენ, რომ ყვავილების პარტიების შემოწმება პრიორიტეტულ რეჟიმში, პროდუქციის გადმოტვირთვის გარეშე ხდება, რათა შენარჩუნდეს მცენარისთვის აუცილებელი დაბალი ტემპერატურული რეჟიმი.
მიმოზის ძირითადი მიწოდება მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. შედარებისთვის, 2025 წელს სრულად აფხაზეთიდან რუსეთში სულ 400 ტონაზე მეტი მიმოზა შეიტანეს.
სოჭის საბაჟო მიმოზის გარდა სხვა აგროპროდუქტების სტატისტიკასაც აქვეყნებს. ოქტომბრიდან დღემდე, ე.წ. „ციტრუსის სეზონის“ ფარგლებში, აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტირებულია:
- მანდარინი: 32 000 ტონა;
- ფეიხოა: 1 267 ტონა (2024 წელს — 1 099 ტონა);
- ხურმა: 509 ტონა (2024 წელს — 248 ტონა);
- ლიმონი: 994 ტონა (2024 წელს — 420 ტონა);
- ფორთოხალი: 353 ტონა (2024 წელს — 320 ტონა).
საბაჟო სამსახურის მონაცემებით, თითქმის ყველა კულტურის მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

























