მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო 3 წელში, აგროდაზღვევის პროგრამით 34 000-მდე პირმა 20 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო"

592a7953f002c
BM.GE
28.05.17 14:00
1322
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია ჩადებული, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მლნ-ით ნაკლებია. რამდენი ადამიანი სარგებლობს საქართველოში აგროდაზღვევით და როგორია ბოლო მონაცემები, - თემაზე "საქმის კურსთან" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე საუბრობს.

- ბატონო ლევან, აგროდაზღვევის თემა სულ აქტუალურია, მითუმეტეს, როდესაც საქმე სტიქიებთან გვაქვს. ამ ეტაპზე თუ არის დათვლილი რა ზარალი მიიღეს გლეხებმა ბოლო პერიოდში?

- ბოლო პერიოდში მომხდარ სადაზღვევო შემთხვევებს რაც შეეხება, ჯერჯერობით სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ ვიზიტებს ახორციელებენ ნაკვეთებზე და შეფასების პროცესი მიმდინარეობს. აგროდაზღვევის პროგრამა 10 აპრილს დაიწყო და 7500-ზე მეტი პოლისია გაცემული. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაახლოებით 1000 შეტყობინება შემოვიდა, რაც საშუალოდ ნიშნავს, რომ თითოეულ შეტყობინებაში შესაძლოა ორი ნაკვეთი იყოს დაზიანებული, რისი შეფასებაც ამჟამად ხორციელდება.

- როგორია აქტივობა და კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით?

- გასული წლის ანალოგიური პერიოდს თუ შევადარებთ და რიცხვებს შევხედავთ, ამ პერიოდში აქტივობა ორჯერ მეტია. შარშან ანალოგიურ პერიოდში 3 ათასი პოლისი იყო გაცემული, წელს კი უკვე 7500-ია. ზოგადად პროგრამის დაწყების დღიდან 2014 წლიდან დღემდე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. 34 ათასმა უნიკალურმა პირმა საერთო ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ანაზღაურება მიიღო ამ წლების განმავლობაში. მეფუტკრეობის კუთხით დაზღვევას რაც შეხება, აგროგადზღვევის პროგრამა მოსავლის დაზღვევის ნაწილს ითვალისწინებს ოთხი რისკისგან და ამ ნაწილში საკმაოდ დიდი აქტივობაა.

- რამდენად მოქნილია ის პროდუქტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ ფერმერებს და გლეხებს?

- ეს პროდუქტი იმ შესაძლებლობებიდან და იმ განვითარების ეტაპიდან გამომდინარეობს, რაზეც სადაზღვევო ინდუსტრიაა დღესდღეობით. ჩვენ რეალურად მათთან ერთად ყოველწლიურად ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას და ყოველი პროგრამის დაწყების პერიოდში მათთან ერთად პირობებს ვაუმჯობესებთ. თუმცა ეს ჯერ-ჯერობით არ არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მაგალითად, საგაზაფხულო ყინვა ან მეფუტკრეობა დაიზღვეს. ასეთი ტიპის რისკები უფრო მეტად სისტემურია. მაგალითად, საგაზაფხულო ყინვა ბევრად მასშტაბურია და ამიტომ განცალკევებულ მიდგომას საჭიროებს, რადგან ცალკე პროდუქტია და ზიანის რეგულირებაც სრულიად განსხვავებული იმ რისკებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები