BMG-იმ ეროვნული სატყეო სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი ტყის ნაკვეთია ქვეყანაში იჯარით გაცემული. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ 2019, 2020 და 2021 წლებში ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემისთვის სულ 14 ხელშეკრულება გაფორმდა, რაც წელიწადში საშუალოდ 4-5 იჯარას ნიშანვს.
უწყების ინფორმაციით, ტყის იჯარით გაცემა ყოველთვის აუქციონის გზით ხდება და 2019-2021 წლებში ამისთვის სულ 26 აუქციონი გამოცხადდა, ამ 26 აუქციონიდან კი 14 იყო შედეგიანი და შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებაც გაფორმდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ამ იჯარებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ყოველწლიური შემოსავალი 45,564 ლარს შეადგენს.
რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ტყის ნაკვეთის იჯარით აღებაზე განაცხადის დაწერა.
ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტავს პროცედურებს ტყის იჯარით აღების შესახებ:
“ტყითსარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს: ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის (სარგებლობის სახის) შესახებ ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის შემთხვევისა) და ტყითსრგებლობაში მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილით.
ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ფარგლებში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს (ტყით მოკლვეადიანი სპეციალური სარგებლობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლამდე ვადით), 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დებულებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახის გათვალისწინებით/ შესაბამისად,”- ნათქვამია უწყების მიერ bm.ge-ისთვის გაგზავნილ პასუხებში.
შეგახსენებთ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5,958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით სარგებლობის უფლება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით მოიპოვა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა და პრემიერის ოჯახი ბოლო სამ წელში ტყის რიგით მეთოთხმეტე მეიჯარე გახდა.