მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო 3 წლის განმავლობაში ინვესტიციები, რომელიც ენერგეტიკაში შემოვიდა, რეკორდულია"

57dd24ea27e02
BM.GE
18.09.16 18:06
1658
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, სადაც სამი უმსხვილესი სექტორის წილმა ამ პერიოდში 63% შეადგინა. ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში მოდის, რომელსაც საფინანსო სექტორი მოსდევს, მესამე ადგილზე კი ენერგეტიკის სექტორია, 46 მილიონი დოლარით. რა შეიცვალა და რამ განაპირობა ეს მაჩვენებელი, თემაზე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი საუბრობს.

-ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლება იყო დაფიქსირებული, დღევანდელ გაზრდილ მაჩვენებელს რას უკავშირებთ?

-ჩემი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ როდესაც საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კვარტალის კვარტალზე, ან მიმდინარე წლის წინა წელთან შედარება სწორი არ არის. უფრო გრძელვადიან ჭრილშია დანახვა საჭირო და ამ შემთხვევაში სწორი სურათი გვექნება, შემცირება გვაქვს თუ ზრდა. აღვნიშნავ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში იმ ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც ენერგეტიკის სექტორში შემოვიდა რეკორდულია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 540 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა და დაახლოებით 15-16 სექტორიდან საპატიო მეორე ადგილზე ვართ, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სექტორის შემდგომ, რომელშიც ენერგეტიკული წილი საკმაოდ დიდია. ამ რაოდენობის ინვესტიცია საერთო ჯამში სამწლიან ჭრილში ერთიანად არ განხორციელებულა. ’’შაჰ-დენიზის“ პროექტი სექტორში ამ განხრით აისახება და შესაბამისად, მე ვერ ვიტყოდი, რომ ბოლო წლებში ინვესტიციების შემცირება მოხდა, არამედ პირიქით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიციების მობილიზება მოხდა.

-თქვენ ადრე განმარტეთ, რომ ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი ინვესტიციების კლებას შემდეგი საფუძველი აქვს, რომ დიდი პროექტები მშენებლობის ფაზაშია შესული და მათ სესხების გასტუმრება დაიწყეს, რასაც ლარის კურსის გამო ციფრობრივ გამოსახულებაში კლება დაერთო. დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს?

-გავმეორდები და აღვნიშნავ, რომ კვარტლის კვარტალზე, ან მიმდინარე წლის წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარება არასწორია. მიმდინარე წლის გაზრდილ ინვესტიციებს რაც შეეხება, აქ ვიტყოდი, რომ როდესაც ჩვენ მთავრობაში ზოგადად ინვესტიციების კუთხით არსებულ მდგომარეობას განვიხილავთ, მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არ ვუყურებთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების შემადგენელი ნაწილია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანი ინვესტიციებია, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ გარკვეული შინაარსის მატარებელია, რომელიც ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე ინფორმაციას გვაძლევს. ძალიან კარგია, რომ ამ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. საერთო ჯამში, თუ ჩვენ ყველა იმ პროექტს გადავხედავთ, რომელიც დღეს ჰიდროენერგეტიკაში ხორციელდება, ეს არის დღესდღეობით საქართველოში 2 მილიარდი დოლარის მშენებლობები, 805 მეგავატი და თითოეული მათგანი მშენებლობის ინტენსიურ ეტაპზეა. შესაბამისად, ეს 2 -მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც 5-6 წელზეა გაწერილი, კვარტლების მიხედვით ხან მეტ მაჩვენებელს ტოვებს, ხან - ნაკლებს, რადგან დამოკიდებულია რამდენ დივიდენდს გაიტანს, ნახა თუ არა კურსთა შორის ზარალი ინვესტორმა და ა.შ.

- თქვენი სამინისტროს სტრატეგია უცვლელი რჩება და დიდ პროექტებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია რა არის?

-ჩვენ გვაქვს 4 000 მეგავატის რაოდენობის დაახლოებით 110 მემორანდუმი ხელმოწერილი. ჩვენი ჰიდრო რესურსები - ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული პოტენციალი. ეს რეალური ინვესტორები და ხელმოწერილი პროექტები. აქედან ბოლო 3 წლის განმავლობაში 150 მეგავატი აშენებულია, 804 მეგავატი მშენებლობის ფაზაშია და დაახლოებით 3000 მეგავატი კვლევის ფაზაზე იმყოფება. ჯერჯერობით ’’ხუდონ-ჰესი“ კვლევის ფაზაზეა და შესაბამისად, როდესაც ეს კვლევები დასრულდება, გვეცოდინება ამ პროექტის განხორციელება რამდენად მიზანშეწონილია. „ნენსკრა ჰესს“ რაც შეეხება, აქტიური მშენებლობის ფაზაშია შესული და მისი მშენებლობა მიმდინარეობს. “ ნამახვანის ჰესებზე“ წინა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მშენებლობის ნებართვა აღებული გვაქვს. ინვესტორზე ტენდერი იყო გამოცხადებული და შესაბამისად მომავალი წლის დასაწყისში უკვე მთავრობის საბოლოოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას ველოდებით იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ თუ რა ფორმით ვაგრძელებთ მუშაობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 4000 მეგავატი, რასაც ჩვენ დღეს, როგორც პოტენციურ ინვესტიციებს ვუყურებთ, 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა. აუცილებლად გასათვალისწინებელია და ჩვენ საერთაშორისო სავალუტო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რადგან ამ მასშტაბის ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ გარანტიებს მოითხოვს იქნება ეს ფინანსური, იურიდიული თუ სხვა ტიპის.

-შეგიძლიათ ახალი პროექტები და ინვესტორები დაგვისახელოთ?

-დღესდღეობით 3000 მეგავატის ახალი პროექტებია ხელმოწერილი, 805 მეგავატის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ისინია ძირითადად აჭარაში და ყაზბეგში. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს ხელმოწერილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი მოცულობის საინტერესო და მნიშვნელოვანი თანაინვესტირების პროექტები “ჩალიკ ენერჯი“, ახალი ქართული კომპანია “ფერი“ და სხვა. მცირე და საშუალო ჰესების ძალიან ბევრი ინვესტორი გამოჩნდა, რომელთა სახელმა შესაძლოა ახლა არაფერი გითხრათ, მაგრამ მათ ყველა ფინანსური გარანტია აქვთ მოტანილი, რომ თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ და ისინი ასრულებენ კიდეც მათ. ამ 3000 მეგავატის დიდი პროექტებიდან “ნამახვანი“ და “ხუდონია“ დარჩენილი, რაც 1200 მეგავატია, ხოლო დაახლოებით 1800 მეგავატი ეს არის მცირე და საშუალო ჰესები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები